„სკოლებში და უნივერსიტეტებში დავგეგმოთ ანტიკორუფციული სწავლების მიმართულება“  - მინისტრი სკოლებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს
18-11-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობდა, სადაც აკადემიური წრის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროგრამებში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

მინისტრმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების კუთხით განათლების სისტემაში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ მოსწავლეებში სასკოლო ასაკიდანვე შეუწყოს ხელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მათი ანგარიშვალდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რათა მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი შეხედულებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური განხორციელება, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, საერთაშორისო ვალდებულებები, პლატფორმები, საერთაშორისო კონვენციები და სხვა.

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დგას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება და ამ მიზნით ისეთი დამოუკიდებელი ძლიერი ორგანოს ჩამოყალიბება, როგორიც არის ახალშექმნილი ანტიკორუფციული ბიურო. ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებსა და სტუდენტებს თავიდანვე ავუხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან ბრძოლას და რა მექანიზმები და სამართლებრივი საფუძვლები არსებობს ამ მიმართულებით.

დღევანდელი კონფერენციის მთავარი განსახილველი თემაც სწორედ ეს გახლავთ - საგანმანათლებლო პროგრამებში, უნივერსიტეტებში და, მათ შორის, სკოლებში აქტიურად დავგეგმოთ ანტიკორუფციული სწავლების მიმართულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მთავარი საფუძვლების, საწყისებისა და სამართლებრივი აქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ანტიკორუფციული საკითხების განათლებაში ინტეგრირების შედეგად, გვეყოლება უფრო მომზადებული ახალგაზრდა თაობა, რაც უსაფრთხო, დემოკრატიული და კორუფციისგან დაცლილი ქვეყნის შენების მყარ საფუძველს ქმნის“,  - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით, ასევე მიმართეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებმა.

შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებმა, პროფესორებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში განათლების როლზე გაამახვილეს ყურადღება და ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მხარდაჭერის მიზნით, ხელი მოაწერეს შესაბამის დეკლარაციას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203