„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც სკოლებისთვის ახალი საგნობრივი სტანდარტები განისაზღვრა. დოკუმენტის ხელმოწერის თარიღი 2023 წლის 17 ნოემბერია, თუმცა ის 21 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები გაერთიანდება რვა საგნობრივ ჯგუფში:
ა) სახელმწიფო ენა;
ბ) მათემატიკა;
გ) უცხოური ენები;
დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;
ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ვ) ტექნოლოგიები;
ზ) ესთეტიკური აღზრდა;
თ) სპორტი.
საგნობრივი ჯგუფები აერთიანებს მომიჯნავე დისციპლინებს.
საგნობრივ ჯგუფებში შემავალი საგნები ისწავლება სავალდებულო და/ან არჩევითი სახით ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე.
დაწყებით საფეხურზე საგნებს შორის ინტეგრაციის ხარისხი გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სადაც საგნები უფრო სპეციალიზებულად ისწავლება. რეკომენდებულია, დაწყებით საფეხურზე სხვადასხვა საგანს ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლიდეს.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.