ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ სტუდენტებს მასშტაბური ღონისძიებით დაუვიწყარი დახვედრა მოუწყო, რომელსაც „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი გოჩა ტყეშელაშვილი წარუძღვა.
ეს გახლდათ ინტელექტის, ნიჭის, ერთსულოვნებისა და მეგობრობის ნამდვილი ზეიმი; სტუდენტებს შორის „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატიც ჩატარდა და გამარჯვებულებმა სასწავლებლის ხელმძღვანელობისგან ფულადი ჯილდოც დაიმსახურეს.
როგორც etaloni.ge-ს კოლეჯის რექტორმა, ქალბატონმა სოფიო მაჭარაშვილმა უამბო, სურდა, ღონისძიება სტუდენტებისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო და ბატონმა გოჩამ მოახერხა, დამსწრე საზოგადოება ერთი მთავარი იდეის - განათლების ირგვლივ შემოეკრიბა.
„დარბაზში მყოფი ყველა ადამიანი ჩართული იყო ღონისძიებაში... საოცარი მუხტი იგრძნობოდა და მოხარული ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ძალიან ვგულშემატკივრობ „ეტალონს“, ამ მართლაც ეროვნულ პროექტს“, - ასე დაიწო ჩვენთან საუბარი სოფიო მაჭარაშვილმა და ისიც გაგვიმხილა, რომ მალე, საჩხერეში 3000 კვ მეტრის ფართობზე ახალი კოლეჯი ექნებათ, რომელიც პროფესიული განათლების ჰაბი გახდება; თბილისში კი ორი შენობა აქვთ; ჰყავთ ბევრი სტუდენტი, მათ შორის ისეთები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ პროფესიის შეცვლის საჭიროებაზე დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს, კვალიფიკაცია სწორედ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში აემაღლებინათ.
სხვათა შორის, ქალბატონმა სოფიომ ისიც გაგვიმხილა, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ პროფესიის შეცვლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი თავად ვარ, როდესაც პედიატრიის მიმართულებით უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, კოლეჯში დავიწყე მუშაობა და უკვე 30 წელია ამ დიდ საქმეს ვემსახურებიო.
რთულია თუ არა კოლეჯის ხელმძღვანელობა და განათლების სადარაჯოზე დგომა? - ამ კითხვაზე ჩვენს რესპონდენტს მკაფიო პასუხი აქვს - „გიწევს პირად სიკეთეებზე უარის თქმა; უნდა მართო ორგანიზაცია, სადაც სტუდენტები უნდა იყვნენ კმაყოფილები და შემდეგ ისინი წარმატებით დასაქმდნენ... ამის დალაგება კი იოლი არ არის; ამბობენ, რომ არცთუ ცუდად გამომდის, თუმცა ვფიქრობ, მეტია საჭირო და მეტი ვალდებულება მაქვს - ვცდილობ, მიღწეული შედეგით არ დავკმაყოფილდე და ხვალინდელი დღისთვის მეტი წინ გადასადგმელი ნაბიჯი დავგეგმო“, - აცხადებს სოფიო მაჭარაშვილი და პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს პასუხობს:
- ჩვენ ვართ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია - ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომებს; გვაქვს ISO 9001-2015 ხარისხის სერტიფიკატი და ვახორციელებთ მრავალფეროვან, ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებს...
- სულ რამდენი პროგრამაა თქვენს კოლეჯში?
- 9 პროგრამაა თბილისში და 3 საჩხერეში... თბილისში გვაქვს ორი შენობა - 1000 და 500 კვ/მ, საჩხერეში შედარებით მცირეა ფართი, მაგრამ მალე დასრულდება ახალი შენობა (3000 კვ მეტრამდე), რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება სასწავლო საგანმანათლებლო ჰაბი.
- ქალბატონო სოფიო, რამდენად დიდია მოთხოვნა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე? სახელმწიფოს პოლიტიკა კი შეიცვალა და მეტ ყურადღებას იჩენენ ამ მიმართულებით, მაგრამ რეალურად როგორია განწყობა საზოგადოებაში, ესაა საინტერესო.
- ყველა ვთანხმდებით - პროფესიონალი კვალიფიკაციის მქონე პირები ძალიან მოთხოვნადია; სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში ეს ყველას არ აქვს გაცნობიერებული. სკოლის მერხიდან მიაშურებენ ხოლმე უმაღლეს სასწავლებლებს და ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებსაც ნაკლებად ან საერთოდ ვერ იყენებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ბევრი ბაკალავრი და მაგისტრი სწავლობს, რომლებიც ეუფლებიან მოთხოვნად სპეციალობებს.
ეკონომისტები ბუღალტერიას სწავლობენ, ინჟინრები - შრომის უსაფრთხოებას და ა.შ. იმიტომ, რომ კოლეჯებში ყურადღება ექცევა პრაქტიკულ სწავლებას. სწორედ ასეთი კადრია საჭირო დღეს შრომის ბაზარზე. თამამად ვიტყვი - ქვეყანაში ბევრი სამუშაო ადგილია და ამ დროს ბევრი უმუშევარი გვყავს, რადგან კვალიფიციური კადრის დეფიციტია.
- გამოსავალი რა არის?
-ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, საჭიროა სწორი პროფორიენტაცია - დაწყებითი კლასიდანვე უნდა ვურჩიოთ და ვაჩვენოთ მოსწავლეებს, თუ რა მიმართულებები არსებობს ქვეყანაში; მცირე ასაკიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ ხედვა, რისთვისაც საჭიროა კოლეჯებში ექსკურსიები, კარგი მაგალითების თვალსაჩინოება...
- წარმოგიდგენიათ, რა ამბავი დატრიალდება ოჯახში, მოზარდმა რომ თქვას, უმაღლესის მაგივრად, პროფესიულ სასწავლებელში მივდივარო?
- სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შემორჩენილია საზოგადოებაში სტიგმა, რომ კოლეჯი არის ცუდი, დამსჯელი ორგანიზაცია... თუ არ ისწავლი, წახვალ კოლეჯში - სწორედ თითის ქნევა და დაშინება უქმნის არასწორ იმიჯს პროფესიულ კოლეჯებს; არადა პირიქით უნდა იყოს - მასწავლებლებმა, მშობლებმა უნდა ვურჩიოთ ახალგაზრდებს, პროფესიულ კოლეჯებში დაიწყონ პროფესიის შესწავლა და მერე გადავიდნენ განათლების სხვა საფეხურზე - ამას ხომ კანონი არ კრძალავს!
ჩვენ, ქართველებს გვინდა, პირდაპირ კაპიტნები გავხდეთ - რაც არასწორი მიდგომაა და სწორედ ასეთი მიდგომის გამო დღეს უცხოეთიდან ვიწვევთ პროფესიონალებს, რადგან არ გვყავს კადრი.
- ახლა იმ განსხვავებულ დახვედრაზეც გვიამბეთ, წელს თქვენს სტუდენტებს რომ მოუწყვეთ, ქალბატონო სოფიო...
- ყოველთვის ვგულშემატკივრობდი „ეტალონს“, თუმცა ბატონ გოჩას აქამდე პირადად არ ვიცნობდი. გვსურდა, ღონისძიებაში ჩვენი სტუდენტები აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები და სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ბატონ გოჩას ღონისძიების წაყვანა.
ჩავატარეთ „ეტალონის“ ჩემპიონატი, შედარებით მცირე მასშტაბებით და ბედნიერი ვარ, რომ დარბაზში მყოფი თითოეული ადამიანი მონაწილებოდა ღონისძიებაში, რომლის ლაიტომოტივიც იყო სიტყვები - „ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“! ასეცაა, მეგობრობით, სიკეთით, შევძლებთ ქვეყნის განვითარებას.
დაბოლოს, მინდა, ჩემს სტუდენტებს და თითოეულ ახალგაზრდას ვუთხრა - არ დანებდნენ. ისინი ყველაფერს შეძლებენ მონდომებითა და სიყვარულით. თუ დაწყებული საქმე არ გამოუვიდათ, ფარ-ხმალი არ უნდა დაყარონ.
თქვენ ყველაფერი გამოგივათ!