განახლებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცალკე მუხლი ეთმობა მობილობა-ორიენტაციას. ვისთვის არის სავალდებულო მისი სწავლება და რას ნიშნავს ზოგადად, მობილობა-ორიენტაცია ?!
ორიენტაცია არის შემეცნებითი პროცესი, რომლის დროსაც ყველა ხელმისაწვდომი სენსორული ინფორმაციის გამოყენების გზით, განისაზღვრება საკუთარი პოზიცია გარემოს ყველა სხვა მნიშვნელოვან ობიექტთან მიმართებაში.
მობილობაში კი მოიაზრება უნარი, შესაძლებლობა და მზაობა (სურვილი) გარემოში გადასაადგილებლად.
მობილობა-ორიენტაცია ისწავლება თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად. იგი სავალდებულო საგანს წარმოადგენს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის დაწყებით საფეხურზე.
მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სპეციალიზებულ სკოლებში საგანი საგაკვეთილო ბადის ნაწილია, ხოლო არასპეციალიზებულ საჯარო და კერძო სკოლებში, იგი წარმოადგენს სკოლის მიერ მოსწავლისათვის შეთავაზებულ სავალდებულო დამატებით მომსახურებას. საგნის სწავლება ხორციელდება ინდივიდუალურად, თითოეულ მოსწავლესთან ცალ-ცალკე. დაწყებით საფეხურზე, საგანი მოიცავს ორ დონეს: I დონე - 1-4 კლასებისათვის და II დონე 5-6 კლასებისათვის. თუმცა, შესაძლებელია, სტანდარტით განსაზღვრული მიზნებისა და მისაღწევი შედეგების მოდიფიცირება მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებებიდან და უნარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ მოსწავლეს მხედველობის დარღვევის გარდა აქვს ინტელექტუალური, ფიზიკური ან სხვა დარღვევა.
მობილობა-ორიენტაციის გაკვეთილები დაწყებით საფეხურზე თითოეულ მოსწავლესთან უნდა ჩატარდეს კვირაში მინ. 2 - მაქს. 3 ასტრონომიული საათის დატვირთვით.