თეონა ლავრელაშვილი - ქართველი წარმომადგენელი, რომლის გამო ევროკომისიაში გამონაკლისი დაუშვეს
21-05-2018

ევროკომისიაში, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა, დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთის საკითხებს პოლიტიკის ოფიცერი 28 წლის თეონა ლავრელაშვილი კურირებს. 

მისი გზა წარმატებისკენ ბევრ მუშაობასა და მიზნისკენ დაუღალავ სწრაფვაზე გადის. საკმარისი გამოცდილების დაგროვების შემდეგ თეონა პოლიტიკურ არენაზე გამოჩენასაც არ გამორიცხავს. 

წარმატებულ ახალგაზრდა ქართველ ქალს Etaloni.ge ესაუბრა. 

- რას მოიცავს თქვენი პასუხისმგებლობა ევროკომისიაში?

- ევროკომისიაში „სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების გენერალურ დირექტორატში“ თურქეთისა და ბალკანეთის ქვეყნების განყოფილებაში პოლიტიკის ოფიცერი ვარ. ნამდვილად საინტერესო გამოცდილებას ვიღებ. ბალკანეთის ქვეყნები ხომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან, ჩვენ კი მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ვიკვლევთ თუ რა პრობლემები აქვთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მეტი პროგრესისკენ, ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტი დაახლოებისთვის და ა.შ

- კონკრეტულად, რას გულისხმობს თქვენი პოზიცია - დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთისკურირება და რა გევალებათ?

- ძირითადად სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ვმუშაობ; ვახორციელებთ ევროკავშირის რამდენიმე ინსტრუმენტს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პოლიტიკური სტრუქტურების გადამზადებისა და მათი ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ასევე, ევროკომისიის დელეგაციებთან ერთად წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებს ვგეგმავთ; ხშირად მიწევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა. 

- როგორი იყო გზა ევროკომისიამდე, რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ? 

- ჩემი შემთხვევა საკმაოდ სპეციფიკურია, რადგან ვარ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც ევროკავშირის წევრი ჯერ არ არის. თუმცა გამონაკლისის სახით ევროკომისიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მომეცა. უნდა ითქვას, რომ გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა ევროპულ ასპარეზზე, კერძოდ ბელგიაში სწავლის დასრულების შემდეგ ევროპარლამენტში სტაჟირება დავიწყე, შემდეგ ევროპარლამენტარის მრჩეველი გავხდი, ასევე ვმუშაობდი კვლევით ორგანიზაციაში. ასე, რომ ევროკომისიის გამოწვევას მომზადებული შევხვდი. 

- საქართველოსთან მიმართებაში რას გვეტყვით, რა ჩანს ბრიუსელიდან - როგორ ვითარდება ქვეყანა? 

- ძალიან ზოგადად რომ აღვნიშნო, ყველაზე მთავარი სიღარიბის პრობლემის დაძლევა და განათლების სისტემის დახვეწაა. თუმცა ჩანს, რომ ქვეყანა ვითარდება, განსაკუთრებით ტურიზმის სფერო. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები, რომელიც შედის ქვეყანაში, წარმოებაზე ორიენტირებული იყოს, რათა ჩვენი ექსპორტის პოტენციალი გაიზარდოს. 

- როგორია თქვენი სტანდარტული დღე, დასვენებას და გართობას რა დროს უთმობთ?

- დაძაბულ სამუშაო რეჟიმს დიდი ხანია შევეჩვიე. სტუდენტობისას უნივერსიტეტის თვითმმართველობაში განათლების დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი; საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტიც შევქმენი, სადაც უამრავმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. საჯარო ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული და გასართობად ბევრი დრო არც მრჩებოდა. თუმცა ყოველთვის ვცდილობ თავისუფალი დროის გამონახვას, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ, ასევე ძალიან მიყვარს მოგზაურობა. 

- რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?

- ადამიანის წარმატებაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას, მაგრამ ვფიქრობ, რომ როცა მიზანი გაქვს დასახული, წინაღობებს უმკლავდები და წარმატებისთვის გარკვეულ დათმობაზე წასვლა გიწევს. შეიძლება ეს იყოს პირადი ცხოვრება, შეიძლება მეგობრებს იმდენ დროს ვეღარ უთმობდე, მაგრამ მიზნისკენ მიმავალი აცნობიერებ, რომ დათმობები უბრალოდ საჭიროა. მიმაჩნია, რომ მხოლოდ წარმატებაზე ბრმად მიჯაჭვა არის შეცდომა და ცხოვრებაში ბალანსი აუცილებელია. შენი წარმატება სასარგებლო საქმეებისთვის უნდა გამოიყენო. 

- სიამაყით აღვნიშნავთ, რომ სტუდენტობის დროს თქვენ ინტელექტ-შეჯიბრ „ეტალონის“ გუნდის და კონკრეტულად, გოჩა ტყეშელაშვილის მიერ შექმნილ პროექტ „სტუდენტურ დემოკრატიაში“ იღებდით მონაწილეობას. როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს?

- დიახ, ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. გუნდის ლიდერი ვიყავი და ძალიან დიდი ენთუზიაზმი გვქონდა ყველას. ერთ-ერთ ნომინაციაში გავიმარჯვეთ. ეს იყო სტუდენტური თვითმმართველობისთვის განკუთვნილი კონკურსი.

- რა გეგმა გაქვთ სამომავლოდ, შესაძლოა პოლიტიკაშიც გიხილოთ?

- ჯერჯერობით ევროკომისიაში დარჩენას ვაპირებ. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ ეტაპზე ამ მხრივ კონკრეტული გეგმა არ მაქვს. ახლა ბელგიაში არსებული პოლიტიკური გარემოს შესწავლით ვარ დაინტერესებული. ვფიქრობ, უახლოესი სამი წელი ბრიუსელში დავრჩები და ამ მიმართლებით გავაგრძელებ მუშაობას, პარალელურად კი ლუვენის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციას დავასრულებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203