„მასწავლებლების ანაზღაურება სასწავლო წლის ბოლოდან გაიზრდება - ახალი სახელფასო ფორმულა ამოქმედდება“
24-11-2023

გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაოები და დეტალები საზოგადოებას დეკემბერში პრეზენტაციაზე ეცნობება.

„ჩვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები, რომელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა და მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

პედაგოგებთან ერთად ვმსჯელობ, ვისმენ უკუკავშირებს ამა თუ იმ გამოწვევებთან დაკავშირებით და თითოეული პრობლემის გადაჭრას პედაგოგების ინტერესების გათვალისწინებით ვაპირებთ.

მასწავლებლებისთვის ღირსეული ანაზღაურების შეთავაზების მიზნით, მიმდინარეობს ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება, ასევე სხვა მხარდამჭერი პროგრამების შეთავაზება და მიუღებელია დეზინფორმაციული კამპანიის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების ზრდის გადაწყვეტილებისთვის ჩრდილის მიყენებას.

მინდა შევახსენო ყველას, წლების წინ მასწავლებლის საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს, დღეს გაზრდილია სამჯერ და შეადგენს 1230 ლარს, თუმცა მიუხედავად ამისა, შესაცვლელია სახელფასო ფორმულა.

ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს მასწავლებელთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის შემთვევაში მასწავლებლის ხელფასი 500 ლარით და მეტით გაიზრდება - 2024 წლის ბიუჯეტში განათლებისთვის გამოყოფილი თანხების მეტი ნაწილი მიმართულია სწორედ ამაზე;

ამიტომ არ დავჯერდით იანვრიდან მასწავლებლებისთვის 125 ლარიან სახელფასო მატებას და სრული სიცრუეა, თითქოს მასწავლებლის ხელფასის მომატებას ვგეგმავთ 2024 წლის სექტემბრიდან - სტატუსის ამაღლების შემთხვევაში სექტემბრიდან მასწავლებლებს ისედაც გაეზრდებოდათ ხელფასები, მაგრამ, არ ვაპირებთ, დაველოდოთ ამ დროს და მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე ვგეგმავთ ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედებას.


სწორედ ამ მიზნით, არსებული ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203