განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სატელევიზიო ეთერში ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, განმსაზღვრელი შეფასებები სკოლებში არ გაუქმებულა, ხოლო თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ სურვილი, შეუძლიათ დარჩნენ შეფასების არსებულ სისტემაზე, ან შეაფასონ მოსწავლეები თუნდაც 100-ქულიანი სისტემით, ოღონდ შემდეგ ეს უნდა დაკონვერტირდეს 10 ქულიან სისტემაზე.
„სასწავლო გეგმის რეფორმის ამოცანაა - მეტი ავტონომია და აკადემიური თავისუფლება მივცეთ სკოლას, მასწავლებლებს და ეს არაა სამინისტროს მოსაზრება; მასწავლებლების ყველა შეხვედრაზე ჟღერდება მოთხოვნა - მოგვეცით მეტი თავისუფლება და თავად გადავწყვეტთ, შეფასების რომელ მეთოდს გამოვიყენებთ.
ვის შეიძლებოდა აზრად მოსვლოდა, გაგვეუქმებინა განმსაზღვრელი შეფასება? მით უმეტეს, მოსწავლის შეფასების მეთოდი, CAT-ის გამოცდების გაუქმების შემდეგ, სკოლაში საერთოდ არ გვაქვს.
ვმუშაობთ ეროვნულ შეფასებაზე - ვაპირებთ, მე-6, მე-9 და 12 კლასებში პირველ ეტაპზე შემოვიტანოთ განმსაზღვრელი სადიაგნოსტიკო შეფასებები და შემდეგ ეტაპზე, როცა სისტემა კარგად აპრობირებული იქნება, გავხადოთ სავალდებულო.
ჩვენ მივეცით სკოლებს არჩევანის თავისუფლება და თუ მათ მოსწონთ არსებული მოდელი, სრული უფლება აქვთ, ასე გააგრძელონ, ან შეიმუშაონ შეფასების „ეიბისი“ თუ ასქულიანი მოდელი, თუმცა აუცილებლად შემდეგ ეს უნდა დააკონვერტირონ 10-ქულიან სისიტემაში“, განმარტა გიორგი ამილახვარმა.