აიკრძალა თუ არა ბაღებში ზეიმები? - ექსპერტები ადრეული აღზრდის ახალი კურიკულუმის დეტალებზე საუბრობენ
28-11-2023

სკოლამდელი აღზრდის ექსპერტებმა ვებინარზე ბაღებში ადრეული კურიკულუმის დანერგვასა და სხვა დეტალებზე ისაუბრეს.

ექსპერტმა ნინო ცინცაძემ აღნიშნა, რომ მიდის მუშაობა ბაღების კურიკულუმის გარკვეული ნაწილების განახლებაზე.

„ჩვენი როლი არ არის, რომ სამინისტროდან ხალხი ჩამოვიდა, რაღაც უნდა შეამოწმოს, დაინახოს ხარვეზი და მერე მასზე მიუთითოს... ჩვენი ამოცანაა მხარდაჭერა; ვმუშაობთ 22 მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან და მოგვეცა საშუალება, აღმზრდელები გადამზადებულიყვნენ ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვისთვის შემუშავებული სპეციალური ტრენინგმოდულით;ასევე, იყო შესაძლებელი, აერჩიათ მეორე ტრენინგმოდული - თამაში. ეს გახლდათ უსასყიდლო შეთავაზება და ტრენინგები წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა ექსპერტმა.

ხათუნა დოლიძემ ადრეული კურიკულუმის სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის არ გულისხმობს წიგნში ამოკითხულ და შემდეგ დანერგილ აქტივობებს:

„ადრეული განათლება, ესაა ჰოლისტური პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველა კომპონენტის გააზრებას და იმასაც, თუ როგორ ხედავს საკუთარ როლს ამ პროცესში აღმზრდელი“.

„აღმზრდელები მეტად თამაშობენ ბავშვებთან, შეიცვალა მათი მიდგომები, შეიცვალა დღის განრიგიც - მეტად გამოიკვეთა თამაშის კომპონენტი; კიდევ ერთი მიღწევა არის ის, რომ შეიცვალა ფიზიკური გარემო, მოეწყო ცენტრები, ზოგ შემთხვევაში ძველი ავეჯი მთლიანად ჩანაცვლდა ახლით. საბავშვო ბაღებში შევიდა ღია რესურსი“, - დასძინა ნინო ჯიჯავაძემ და იმ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ერთგვარად ხელს უშლის ახალი კურიკულუმის დანერგვას:

„ერთ-ერთი რთული საკითხია ინკლუზიური განათლება; საუბარია არა მხოლოდ სპეციალური კადრის დეფიციტზე, არამედ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აღმზრდელების გადამზადება - ეს არ არის ერთჯერადი ტრენინგის თემა. ბევრს წარმოუდგენია, რომ ინკლუზიურ განათლებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ჯგუფში დიაგნოზის მქონე ბავშვია, მაგრამ არ არსებობს 20-ბავშვიანი ჯგუფი, სადაც რომელიმეს სპეციალური საჭიროებები არ აქვს“.

ადრეული განათლების ექსპერტმა ლიკა ქურციკიძემ განაცხადა, რომ ადრეული აღზრდის კურიკულუმი იდეურად აქამდე არსებულ ბევრ ჩვევასა თუ ტრადიციას არღვევს და ეს ეხება ე.წ. ზეიმებსაც.

„ვერ ვიტყვი, რომ შეიცვალა ზეიმებთან დაკავშირებული დამოკიდებულება, ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ აღმზრდელებთან გვექნება სამუშაო, არამედ მშობლებთანაც, რომელთა ნაწილიც ითხოვს მათ ჩატარებას“.

ახალი კურიკულუმით, აიკრძალა თუ არა ბაღებში ზეიმები? - ხათუნა ქურციკიძემ საკითხის შესახებ განმარტა, რომ რეალურად, ბაღმა უნდა შეხედოს ბავშვის პერსპექტივით, ნამდვილად არის თუ არა ეს აქტივობა ზეიმი.

„ბავშვის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ - თუ სათამაშოს დავიჭერ ხელში, არ ნიშნავს, რომ ეს თამაშია; ან თუ ბავშვს ლამაზ სამოსს ჩავაცმევ, არ ნიშნავს, რომ ეს ზეიმია... ამიტომ შევხედოთ ამ პროცესებს ბავშვის თვალით, თორემ თვითონ ტერმინთან არ გვაქვს არანაირი პრობლემა... დამკვიდრდა მოსაზრება - ზეიმები აიკრძალაო, მაგრამ ასე არ არის, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203