„ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას დეპუტატები ითხოვენ - მინისტრის პასუხი
29-11-2023

პარლამენტში, განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა სატელევიზიო სივრცეში „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნების საკითხი დააყენა:

„სკოლის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი მამოტივირებელი იყო შემეცნებითი გადაცემა - „ეტალონი“;  გოჩა ტყეშელაშვილი გახლდათ წამყვანი და ავტორი... ახლა, როცა ასეთი განხილვებია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, იქნებ სამინისტრომ გაუწიოს ამ საკითხს კოორდინაცია და „ეტალონი“ დაბრუნდეს სატელევიზიო სივრცეში - მას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა მოსწავლეების მოტივაციისთვის“, - მიმართა მინისტრს დეპუტატმა.

გიორგი ამილახვარმა კი აღნიშნა, რომ ამ საკითხის საწინააღმდეგო არაფერი აქვს:

„რაც შეეხება „ეტალონს“, ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს... როგორც ვიცი, ასე, პირდაპირ არ ფინანსდებოდა სამინისტროს მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და იყო არხთან შეთანხმებით.

ეს კომპანია, მიმართულება და ეს პიროვნება [გოჩა ტყეშელაშვილი] სხვადასხვა გადამზადების თუ კონკურსების მოწყობის ტენდერში იღებს მონაწილობას და ჩემი ინფორმაციით, წელსაც გაუმარჯვია სხვა კონკურსანტებთან ერთად. არ მგონია, ეს აქ განსახილველი საკითხი იყოს, თუმცა შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ“, - განმარტა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის: „ეტალონის“ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაბრუნებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის 34.967 პედაგოგი ხელმოწერით ითხოვს. „ეტალონის“ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაბრუნებას, საქართველოს რეგიონებში ტელეგადაცემა „ეტალონისადმი“ არსებული რეალური განწყობების გათვალისწინებით, ითხოვდა საქართველოს მე-8 მოწვევის 77 დეპუტატი და მე-9 მოწვევის 84 დეპუტატი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203