თბილისის საბავშვო ბაღში რეგისტრაცია გამოცხადდა - სააღმზრდელო პროცესი იანვრიდან დაიწყება
სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულებულია. N64 საბავშვო ბაღი მომავალი წლის იანვარში გაიხსნება, თუმცა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
N64 საბავშვო ბაღი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება, სადაც 15 ჯგუფი გაიხსნება და სკოლამდელ განათლებას 500-მდე აღსაზრდელი მიიღებს. საბავშვო ბაღი სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან - შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების, ასევე, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით; ადაპტირებულია შშმ პირთათვის; დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტი.
„ე.წ. აფრიკის დასახლებაში ამჟამად მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რის გამოც მოთხოვნა ჩვენს სერვისებზე საკმაოდ მაღალია. ახალი ბაღის გახსნის შედეგად, ეს მოთხოვნა სრულად იქნება დაკმაყოფილებული. დავიწყეთ პარალელური რეგისტრაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღსაზრდელებს შეუძლიათ, ახალ ბაღში დარეგისტრირდნენ, მის გახსნამდე კი ჩვენი მომსახურებით სხვა ბაღებში ისარგებლონ. ზოგადად, 2024 წელს ჩვენ რამდენიმე ბაღს გავხსნით და კიდევ არა ერთი ახალი ბაღის მშენებლობას ჩავუყრით საფუძველს. ვგეგმავთ რეაბილიტაციის პროექტებსაც“, - განაცხადა კახა აბულაძემ.