„ადრე უფრო დისტანცია იყო დირექტორსა და მოსწავლეებს შორის“ - სკოლის ხელმძღვანელები თავიანთ დირექტორებს იხსენებენ
04-12-2023

სკოლის ხელმძღვანელობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ის გარდა პროფესიონალიზმისა, ბავშვების მიმართ კეთილგანწყობასა და სიყვარულს მოითხოვს.  რამდენიმე ათეული წლის წინ, დირექტორს ბავშვები მიუწვდომელ ადამიანად მიიჩნევდნენ,  მას დიდი კრძალვითა და მორიდებით ხვდებოდნენ. ახლა კი ეს მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა, შეიცვალა მიდგომებიც, სტანდარტიც. ამიტომ  საინტერესოა, რა უნარებით, ღირებულებებითა და თვისებებით გამოირჩეოდნენ ახლანდელი დირექტორების ხელმძღვანელები, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ მიმართ და თვითონ როგორი დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებთან?

აღნიშნული კითხვებით Etaloni-ge საჯარო სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.


ჯაბა წიფაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი დირექტორი ძალიან ყურადღებიანი იყო. ამ ეტაპზეც მუშაობს სკოლაში, ჩემი კოლეგაა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, ადამიანზეა დამოკიდებული როგორი იქნები და დროს არ აქვს მნიშვნელობა. ადრეც იყვნენ ყურადღებიანი და კარგი ხელმძღვანელები და ახლაც არიან. მეც ჩემი დირექტორის მსგავსად ვცდილობ, მოსწავლეებთან მეგობრული, კარგი ურთიერთობა მქონდეს, რაც ვფიქრობ, გამომდის.

ოთარ დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი დირექტორი თეიმურაზ დავითაძე იყო, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. ამ ეტაპზე, ის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. მისი ყველა თვისება მისაღები იყო ჩემთვის - დაუღალავი, მშრომელი, ყურადღებიანი, ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს დიდი გულისყურით უსმენდა. გამორჩეული ადამიანი იყო.

ადრე დირექტორები ბავშვებს თითქოს აშინებდნენ. მოსწავლეებსაც შესაბამისად ეშინოდათ მათი და დაძაბულები, უფრო მორიდებულად იყვნენ, ახლა კი უფრო ახლოს არიან და შიშის გრძნობა არ აქვთ. სკოლებში, ახლა ბევრი რამ არ შეიძლება. მაგალითად, მოსწავლის წინაშე არ შეიძლება ზედმეტად ხმის ამაღლება. უფრო ლმობიერები არიან დირექტორები. მე, რაც შემეხება ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა მაქვს თითოეულ მოსწავლესთან. როცა მხედავენ ბავშვები თავისუფლად მოდიან ჩემთან, თუნდაც ქუჩაში, როცა მამჩნევენ მორბიან ხოლმე, რაც ძალიან მახარებს. ბავშვების გარეშე არ შემიძლია. 70 წელს ვუახლოვდები და უფრო და უფრო მიყვარდებიან ისინი.

თამარ მარგველანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი დირექტორი ძალიან პატიოსანი და სამართლიანი ადამიანი იყო თავის საქმეში. ასევე ძალიან განათლებული, დიდთან დიდი, პატარასთან - პატარა. მისი ეს თვისებები ყველაზე მეტად მომწონდა. ვცდილობ, მეც მისნაირი ვიყო - სამართლიანი და მეგობრული მოსწავლეებთან. საერთოდ არ განსხვავდებოდა ჩემი ხელმძღვანელი ახლანდელი დირექტორებისგან ბავშვებთან მიდგომების თვალსაზრისით. მიკვირს კიდეც, რომ იმ დროს ასეთი კარგი დირექტორი მყავდა.

ციალა უგულავა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლის დირექტორი:

ადრე უფრო შებოჭილები იყვნენ დირექტორები და ახლა უკვე შეგვიძლია შემოქმედებით და აზროვნებითაც დამოუკიდებლები ვიყოთ. უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენი იდეები განვახორციელოთ. მე, როდესაც მოსწავლე ვიყავი, მაშინ კომუნისტური წყობა იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან კარგი ადამიანი იყო ჩემი დირექტორი. რაც მთავარია, მას ბავშვები და სკოლა უყვარდა. მეც ანალოგიურად ვცდილობ, ჩემი მოსწავლეების მეგობარი ვიყო. მათ აზრს პატივს ვცემ და ვიზიარებ. ადრე უფრო დისტანცია იყო დირექტორსა და მოსწავლეებს შორის. ახლა ასე არაა, მიმაჩნია, რომ რაც უფრო უშუალოები და თავისუფლები ვართ ეს მით უფრო კარგია.

ზვიად ველიაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი დირექტორი გარეგნულად ძალიან მკაცრი ჩანდა, თუმცა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ბავშვების „მფარველი ანგელოზი“. მეც ანალოგიურად ვცდილობ მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს. ზოგადად, ადრე სხვანაირი მიდგომები იყო მოსწავლეებთან. დირექტორების დიდი ნაწილი ცდილობდა ყოფილიყო ბავშვებზე მაღლა და ახლა ასეთი მდგომარეობა არაა. ახლა ხელმძღვანელთა უმეტესობა იაზრებს, რომ ბავშვებზე მაღლა არაფრით არ არიან. ეს ორივე მხარეს კომფორტს უქმნის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203