განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე ისაუბრა და რამდენიმე დეტალი განმარტა.
„მთლიანად სასკოლო საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რა წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. პირველი, რაც ცვლილებებით გაკეთდა, არის ის, რომ სიცხადე შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში და ცხადი და გასაგები გახდა, რას ვითხოვდით. ძალიან ხშირად არის კონკრეტული მაგალითების, რეკომენდაციების მიცემა და, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმის მესამე კარი იყო რეკომენდაციების მთელი პაკეტი.
მასწავლებლები სულ გვეუბნებოდნენ, აქ რომ ასეთი რეკომენდაცია წერიაო? რეკომენდაცია არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ამ გზას უნდა გაჰყვე, მაგრამ ყოველთვის იყო აღქმა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში რომ რეკომენდაცია წერია, ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, პირველ კართან დაკავშირებით ცხადი გავხადეთ ყველაფერი, რას ვითხოვთ ჩვენ სწავლა-სწავლების პრინციპიდან გამომდინარე“,- აღნიშნა მახარაშვილმა და და დასძინა, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების პარალელურად, არსებობს მთელი რიგი გამოწვევები სასკოლო საზოგადოებაში: „მშობლები ითხოვენ პროცესებში მეტ ჩართულობას და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მოსწავლეები ითხოვენ ამას. როგორ უზრუნველვყოფთ? - სკოლის ლიდერისგან, რომელიც თვითონ არის ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში, ველოდებით, რომ ის ვერ იქნება მხოლოდ ერთი და გადაწყვეტილების მიმღები. მგონია, რომ, აი, ამ კულტურის ჩამოყალიბებაც არის მისახედი“.