სემესტრის შეჯამება - მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე სკოლის დირექტორები საუბრობენ
06-12-2023

2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მიწურულს, სკოლის დირექტორები etaloni.ge-სთან საკუთრი მოსწავლეების მიღწევებზე საუბრობენ და იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თითოეული პედაგოგი ბოლომდე იხარჯება, რათა ბავშვებს მისცეს საფუძვლიანი განათლება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ კიროვკის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, ხაზეინ მუსაევი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პირველი სემესტრის მიწურულს, თამამად შეუძლია თქვას, რომ ამაყობს მოსწავლეთა მიღწევებით; იქვე პედაგოგების საქმისადმი თავდადებასაც აღნიშნავს და ამბობს, რომ კიროვკის საჯარო სკოლას, უდავოდ ჰყავს წარმატებული მოსწავლეები:

„ჩვენს სკოლაში მასწავლებლები მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაზიარებით არ შემოიფარგლებიან; მიხარია, რომ ისინი ახერხებენ, უკლებლივ, ყველა მოსწავლე ჩართონ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და ამის დასტურია მათი წარმატებული მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში“, - აცხადებს etaloni.ge-სთან ხაზეინ მუსაევი.

მარნეულის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მინარა კარაკოვა კი პირველკლასელთა წარმატებებზე საუბრობს და ბედნიერია, რომ სკოლამ მოახერხა, ღირსეულად შესძღოლოდა პატარებს წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში - „მასწავლებლებმა მოახერხეს მთავარი - მოსწავლეებს შეაყვარეს სწავლა“, - სიამაყით დასძენს ქალბატონი მინარა.

გუმბატ გუსეინოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ყულარის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი კი ხაზს უსვამს იმას, რომ მოსწავლეები საფუძვლიან ცოდნას არა მხოლოდ ფორმალური განათლების მიმართულებით იღებენ, არამედ აქტიურად არიან ჩართულები არაფორმალური განათლების პროექტებში, რაც უფრო დიდი ცხოვრებისეული ასპარეზისთვის ამზადებს და ბატონი გუმბატი დარწმუნებულია, რომ ყულარის საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებულს წინ უამრავი წარმატება ელის:

„ძალიან კარგი მოსწავლეები გვყავს და თითოეული მათგანით პირადად, როგორც სკოლის დირექტორი,  ვამაყობ. მიხარია, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართულები არაფორმალური განათლების პროექტებში, წლებია მეგობრობენ  „ეტალონთან“, აქვთ კარგი აკადემიური მოსწრება და დარწმუნებული ვარ, არაერთი წარმატება ელით... განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბაირამ და ილახა მამედოვები - მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებიც თანატოლებს კარგ მაგალითს აძლევენ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203