ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება „ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს“ და უზრუნველყოფს მათ მიღწევას / რეალიზებას. განახლებულ ესგ-ს დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი რა მისია და მიზანი აქვს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელსაც etaloni.ge გთავაზობთ:
ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაა მოსწავლის ჰოლისტური (შემეცნებითი, ფიზიკური, ფსიქო-სოციალური) განვითარება. ამისათვის:
ა) დაწყებით საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს:
ა.ა) ფუნდამენტური აკადემიური უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
ა.ბ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის (საკუთარი თავის, როგორც მსწავლელის, აღქმა) ჩამოყალიბება და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის;
ბ) საბაზო საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მხარდაჭერა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე (აკადემიური, პროფესიული) სწავლის გაგრძელებისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის;
გ) საშუალო საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს:
გ.ა) სისტემური აკადემიური და/ან პროფესიული ცოდნის კონსტრუირება;
გ.ბ) მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული განვითარების დაგეგმვისა და აკადემიური/პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერა.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს:ა) ინფორმაციის გააზრება საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით; აზრის / იდეის ჩამოყალიბება მიზნებისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
ბ) კულტურათა თავისებურებების გათვალისწინება ინფორმაციის აღქმისა და შეფასებისას;
გ) კანონზომიერებების აღმოჩენა და მოდელირება ახალ სიტუაციასთან მიმართებით; სასწავლო მასალის მეცნიერულ კონტექსტში გააზრება;
დ) სასწავლო ამოცანებისა და ცხოვრებისეული პრობლემების წარმატებით გადაჭრა მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და მიდგომების საშუალებებით;
ე) საკუთარი მსოფლმხედველობის რეფლექსია შეძენილი ცოდნის საფუძველზე;
ვ) შეძენილი ცოდნის გამოყენება საკუთარი, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მიზნებისა და საჭიროებებისთვის.