აბიტურიენტებს! - „ყოველთვის დაკონკრეტებულია, რა სახის მიზეზი უნდა იყოს ეს, ანალოგიური მოვლენის გახსენებისას კი გარკვეული საზღვრებია მითითებული“
25-01-2024
2024 წლის აბიტურიენტებისთვის სიახლეების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ისტორიის გამოცდაზე. რას უნდა მიაქციონ ტესტზე მუშაობისას აბიტურიენტებმა ყურადღება და რა უნდა გაითვალისწინონ კითხვაზე პაუსიხის გაცემის დროს - დეტალურ ინსტრუქციასა და რჩევებს აბიტურიენტებს  ისტორიის ჯგუფის წარმომადგენელი მიხეილ ბახტაძე აძლევს:

ტესტური დავალებები 2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე - ყველა საგანი

 
„ისტორიის საგამოცდო პროგრამა შარშანდელთან შედარებით შეიცვალა. ზოგიერთი საკითხი ამოვიღეთ, ზოგი კი დავამატეთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია, იხელმძღვანელოთ 2024 წლის საგამოცდო პროგრამით. ცხადია, კითხვები და დავალებები იქნება მხოლოდ იმ თემების ირგვლივ, რომლებიც შეტანილია პროგრამაში. ამასთან, გამოცდის ჩასაბარებლად სრულიად საკმარისია ის სახელმძღვანელო, რომლითაც სწავლობთ სკოლაში - გამოცდაზე  არაფერი შეგხვდებათ ისეთი, რაც თქვენს სახელმძღვანელოებში არ არის მოცემული.

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ისტორიის ტესტში ახალი დავალება არ შესულა. ამოვიღეთ 1 დავალება - ქრონოლოგია, რადგან ძირითადად ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებდა  (მისი შემოწმება სხვა დავალებითაც შეგვიძლია). გარდა ამისა, არ იქნება კიდევ 2 დავალება, რომელიც მცირედით დაიშტამპა და მოსწავლეები გვცემდნენ დაზეპირებულ პასუხებს - ამ დავალებების ამოღების ხარჯზე გაიზარდა დახურული დავალებების რიცხვი. თუმცა არ იფიქროთ, რომ ისინი მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებს. საგამოცდო ტესტი წელსაც ყველა იმ უნარს შეამოწმებს, რომლებსაც აქამდე ამოწმებდა. შარშან შემოვიტანეთ ახალი დავალება, რომელიც, როგორც საცდელმა ტესტირებამ და შემდეგ უკვე გამოცდამაც აჩვენა, ძალიან კარგად ამოწმებს კრიტიკულ აზროვნებას, არგუმენტაციას... ასე რომ, ამ მხრივ არაფერი იცვლება და ვფიქრობთ, სირთულითაც ისეთივე იქნება, როგორიც იყო შარშანდელი ტესტი. 
 
აბიტურიენტებს მინდა გირჩიოთ, რომ არ იჩქაროთ გამოცდაზე მუშაობისას - მერწმუნეთ, გამოცდისთვის განკუთვნილი დრო - 2 საათი და 40 წუთი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მშვიდად და წყნარად იმუშაოთ. ასევე, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია  და მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის დასმული ესა თუ ის კითხვა - მაგალითად, იმ დავალებაში, სადაც გამოსაცდელს ვთხოვთ დაასახელოს მიზეზი ან შედეგი, ყოველთვისაა დაკონკრეტებული, რა სახის მიზეზი უნდა იყოს ეს - პოლიტიკური, კულტურულ-რელიგიური თუ სხვა სახის. 
 
გარდა ამისა: როცა დავალების პირობაში გთხოვენ დაასახელოთ მსგავსი ანალოგიური მოვლენა, ყოველთვის მითითებულია გარკვეული საზღვრები (ან საუკუნეები, ან ვთქვათ, გეოგრაფიული რეგიონი). შესაბამისად, აუცილებელია დავალების პირობის ყურადღებით წაკითხვა და პასუხის  კონკრეტულად იმ კითხვაზე გაცემა, რასაც ტესტში გეკითხებიან“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203