ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოზარდმა სხეულის დამწვრობა მიიღო. არსებული ინფორმაციით, მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
დაშავებული თავდაპირველად ქობულეთის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა. როგორც ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალში განაცხადეს, 10 წლის ბიჭს მეორე-მესამე ხარისხის მრავლობითი დამწვრობა აღენიშნებოდა.
„პაციენტი შემოყვანილია თვითდინებით, ახლობლების მიერ დამწვრობით, განპირობებული პიროტექნიკით. დამწვრობა განისაზღვრება მეორე-მესამე ხარისხით. არის გულმკერდის, ყელის მიდამოებში. კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილია თბილისში, დამწვრობის ცენტრში სტაბილურ მდგომარეობაში. დამწვრობის ცენტრში გადაყვანა იყო საჭირო, რადგან აქვს მრავლობითი დამწვრობა გულის, ყელის მიდამოში, ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში, ამიტომ გადაყვანილია კატასტროფის ბრიგადის მიერ თბილისში. პაციენტი იყო კონტაქტური, 10 წლის ბიჭი“, – განაცხადა ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალის ემერჯენსის მიმღებმა ექიმმა, ფატიმა ბეჟანიძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.
„ბავშვმა ეგრეთ წოდებული პიროტექნიკა ჩააგდო საწვავით სავსე ჭურჭელში, რასაც მოჰყვა აფეთქება და აალება. პაციენტი ამჟამად მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი, რასაც ემატება დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დაზიანება. ამ წუთას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა“.