2024 წლიდან სრულად გაუქმდება მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგმოდულები - აღნიშნულის შესახებ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, შემდეგი წლიდან მასწავლებლის სახლი კონცეპტუალურად შეცვლის მიდგომებს:
„შემდეგი წლიდან სრულად გაუქმდება ის სავალდებულო ტრენინგმოდულები, რომლებიც აქამდე არსებობდა და სისტემა გადავა მასწავლებლების საჭიროების დადგენაზე, მათ მოსმენაზე, უკუკავშირის მიღებასა და იმ სერვისების შეთავაზებაზე, რომლებიც თითოეულ მასწავლებელს სჭირდება კვალიფიკაციის ამაღლებისთვის“.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია სკოლის ბაზაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება. არსებობდა ცალკე კომისია, რომელიც ანიჭებდა მასწავლებლებს სტატუსს და იყო კონკურსი ე.წ პორტფოლიოების დაცვის პროცესი.
მინისტრის გადაწყვეტილებით, კვლევით ცენტრს დაევალა, მასწავლებლების პროფესიული განვითარების კუთხით, საკითხის სიღრმისეულ კვლევა და პედაგოგების საჭიროების დადგენა; შედეგების თანახმად, სქემა საჭიროებს გადახედვას!
„მასწავლებელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სქემაში და სტატუსების მოპოვების პროცესში ებმება იმიტომ, რომ მას უნდა სახელფასო დანამატი. ჩვენ კარგად გვესმის რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც სტატუსების მიუხედავად ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე“ - დასძინა ამილახვარმა.