წერილი გრინჩს, სანტას შვებულების დაგეგმვა... - კიდევ რა აქტივობები შეიძლება შესთავაზოთ მოსწავლეებს საახალწლოდ?
17-12-2023

წლის ყველაზე ჯადოსნური დრო დგება, საახალწლო ფუსფუსი ყველგან, მათ შორის, სკოლებშიც ნელ-ნელა იწყება. მასწავლებლები ცდილობენ, რომ ეს პერიოდი მოსწავლეებისთვის სახალისო, საინტერესო, შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთონ, რაც მათ განწყობასა და მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

სასკოლო საზოგადოება წინასაახალწლო პერიოდში, ყოველთვის საუბრობს, თუ რა ღონისძიებები დაგეგმონ. მათ რჩევებს ერთ-ერთი ბლოგერი უზიარებს, რომლის აზრითაც, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად, ერთ-ერთი მთავარი საშუალება წერითი აქტივობებია. თანაც, შობა-ახალი წელი ხომ სასიამოვნო წერილების, სურვილებისა და ოცნებების დაწერის პერიოდია. 

მნიშვნელოვანია, აქტივობების თემა ისეთი იყოს, რომ მოსწავლეები ხალისით ჩაერთონ. 

გრინჩს წერილი მისწერეთ

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბუზღუნა მწვნე არსება - გრინჩი, რომელსაც შობა-ახალი წელი არ უყვარს, ბევრი ადამიანისთვის ფავორიტი პერსონაჟია. მათ გრინჩის ესმით და მის ისეთ თვისებებს ხედავენ, რის გამოც აფასებენ. ბუნებრივია, ის ბავშვებშიც პოპულარობით სარგებლობს. ამიტომაც, მათთვის მსგავსი აქტივობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება. მოსწავლეებმა დაწერონ, რა აინტერესებთ გრინჩისგან, რას უსურვებდნენ, რატომ მოსწონთ და რას შეცვლიდნენ მასში. მათთვის საინტერესო იქნებოდა ისიც, კიდევ ერთხელ კარგად გაიგონ, რატომ არ უყვარდა გრიჩს შობა და ახლა როგორ შეიცვალა განწყობა. ბავშვებს შეუძლიათ წერილები ნახატებითაც გააფორმონ. 

სანტას შვებულება დაგეგმეთ

როგორც ცნობილია, თოვლის ბაბუები და სანტები მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ, რომ საახალწლოდ ყველა გაახარონ. ბუნებრივია, რომ შვებულება მათაც სჭირდებათ. სავარაუდოდ, ისინი შობა-ახალი წლის შემდეგ უნდა ისვენებდნენ. მოსწავლეებს სთხოვეთ, დაწერონ, როგორ წარმოუდგენიათ მათი შვებულება, სად გაუშვებდნენ დასასვენებლად, როგორ გარემოში გაამგზავრებდნენ, რის მონახულებას ურჩევდნენ და ა.შ. მათ წერისას თავისუფლება მიეცით. 

ჩრდილოეთ პოლუსიდან გამოგზავნილი ღია ბარათები 

მოსწავლეებს სთხოვეთ, ისეთი ღია ბარათები დაამზადონ, რაც შეიძლება სანტას სამშობლოდან - ჩრდილოეთ პოლუსიდან გამოეგზავნათ. აქტივობაში ყველა მოსწავლე ერთად ჩაერთოს, ჯგუფურად იმუშაონ და საბოლოო შედეგი სასკოლო საზოგადოებას გაუზიარონ. 

მადლობის წერილები 

ეს ძველი წლის დასასრულებლად ყველაზე კარგი საშულებაა. მოსწავლეებმა დაწერონ, რისთვის არიან მადლობლები, რა მოუტანა მათ ძველმა წელმა და ახლა რა მოლოდინები აქვთ. 

წერილი საზოგადოების სხვადასხვა წევრისთვის 

მოსწავლეებს უთხარით, წერილები საზოგადოების წევრებისთვის დაწერონ. ადრესატები თავად აარჩიონ. მაგალითად, ესენი შეიძლება იყვნენ მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები, ვეტერანები, მეხანძრეები, პოლიტიკოსები თუ მეფუნთუშეები. მოსწავლეებმა დაწერონ, რას უსურვებდნენ და ეცადონ, რომ სადღესასწაულო განწყობა შეუქმნან.

სეზონების ცვლილების შესახებ დაწერონ

მოსწავლეები გარემოში მიმდინარე ცვლილებებს აქტიურად აკვირდებიან. ამიტომაც, საშუალება მიეცით, რომ ეს ყველაფერი აღწერონ. მაგალითად, დაწერონ, როგორ იცვლება ტემპერატურა, რა ემართებათ ფოთლებს და რა დღესასწაულები ახლავს ზამთარს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203