ახალი წელი ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა და სქესისა განსაკუთრებული, ჯადოსნური დღესასწაულია. მას თითოეული ადამიანი ახალი იმედებით, სურვილებითა და მიზნებით ეგებება. წინასაახალწლო სამზადისში ყველა, დიდიც და პატარაც ერთნაირად არის ჩართულია ამ ჯადოსნური დღესასწაულისთვის აქტიურად ემზადებიან სკოლებიც და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავენ.
საინტერესოა, როგორ ემზადებიან ახალი, 2024 წლისთვის სკოლები და აქვთ თუ არა განსაკუთრებული ტრადიციები? - აღნიშნული კითხვებით etaloni-ge საჯარო სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.
გულნაზ ნინიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის დირექტორი:
ახალი წლისთვის ყოველთვის დიდი შემართებითა და ხალისით ვემზადებით. სკოლაში, უკვე დავიწყეთ წინასაახალწლო სამზადისი. მასწავლებლებთან ერთად, ვგეგმავთ ღონისძიებებს, საჩუქრებს ვუმზადებთ ბავშვებს. მოსწავლეებიც აქტიურად არიან ამ ზეიმში ჩართულნი. რამე განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია არ გვაქვს, თუმცა ღონისძიებების გარეშე ამ ყველასთვის საყვარელ დღესასწაულს არ ვხვდებით.
ლალი გელხაური, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს სკოლაში საახალწლო ღონისძიებები ტრადიციადაა ქცეული. დიდი მონდომებით ვატარებთ სხვადასხვა სახის აქტივობებს. ახალი წელი ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია, შესაბამისად, ბავშვები მოტივირებულები არიან, სხვადასხვა ღონისძიებაში ერთვებიან და თავადაც იჩენენ ინიციატივას, გვთავაზობენ საინტერესო, სახალისო ნომრებს.
ძალიან დიდი ხანია, რაც წინასაახალწლო სამზადისი დავიწყეთ. მაღალ კლასებში სხვა დეტალებზე ვართ ორიენტირებულნი და ისეთ აქტივობებს ვატარებთ, როგორიცაა, სამეჯლისო ცეკვები. დაწყებით კლასებში კი სხვა ტიპის ღონისძიებები იმართება, რომლებიც დატვირთულია ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვა-თამაშით.
კონსტანტინე ხორგუანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს სკოლაში საახალწლო ღონისძიებებს ტრადიციულად ყოველ წელს ვატარებთ. ვმართავთ კონცერტებს, ვაწყობთ კარნავალს, რომლებშიც ბავშვები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით მონაწილეობენ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ბევრი მოსწავლე არ გვყავს, მაინც დიდი ჟრიამულია. ჯერ საახალწლო სამზადისი არ დაგვიწყია, მაგრამ ვნახეთ და განვიხილეთ სცენარი, რომელიც ხელოვნების, მუსიკის მასწავლებლებმა და დამრიგებლებმა დაწერეს. მათ მიხედვით, ღონისძიებების განხორციელებას მალე დავიწყებთ.
თინათინ შამრელაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენთან ყოველ წელს, დაწყებით კლასებში ტარდება ზეიმი. შარშან ჯამბაზები მოვიწვიეთ. ღონისძიებების გარდა, ყველა კლასში ასევე აუცილებლად იდგმება ნაძვის ხე.
მოსწავლე-მასწავლებლები ტრადიციულად აფორმებენ და რთავენ თავიან საკლასო ოთახებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ახალი სკოლისთვის ვემზადებით. ახალი შენობა უნდა აგვიშენონ, რაც ძალიან გვახარებს. წელსაც გვქონდა დიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით შემოთავაზებები, მაგრამ ახალ სკოლაში, როცა გადავალთ მაშინ ჩავატარებთ გრანდიოზულ ზეიმს.
ასევე, სკოლის თვითმმართველობა ძალიან აქტიურად მუშაობს. სხვადასხვა კლუბი აქვთ შექმნილი და საოცარ ღონისძიებებს ატარებენ. ჩვენი ბავშვები არა მარტო სასკოლო ღონისძიებებში, არამედ მუნიციპალურ კონკურსებშიც აქტიურად არიან ჩართულნი.
ვარდო უგლავა, ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი:
ყოველთვის დიდი ზარ-ზეიმით ვემზადებით ახალი წლისთვის. ტრადიციულად ყოველ წელს ერთად ვიკრიბებით მოსწავლე-მასწავლებლები და დიდი ჟრიამულით ვრთავთ ნაძვის ხეს. წელს ძალიან დიდი ნაძვის ხე გვაჩუქეს, რამაც უზომოდ გაგვახარა.
საახალწლო ღონისძიებებს ყველა კლასი მართავს და ბავშვები დიდი ხალისით მონაწილეობენ მასში. შარშანდელ ღონისძიებაზე მაგალითად, მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების ტრადიციებზე ისაუბრეს, თუ სად, როგორ აღინიშნება ახალი წელი, ამ წელს ქვეყნების მიხედვით ვატარებთ ზეიმს.
ბესიკ დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და დიდ ღონისძიებებს ვერ ვატარებთ. სულ 10 მოსწავლე გვყავს. თუმცა, ამის მიუხედავად ახალ წელს აღნიშვნის გარეშე არ ვხვდებით. ბავშვების ჩართულობა ყოველთვის მაღალია, ზოგადად უყვართ მსგავსი ღონისძიებები.
ირმა გიორგაძე, წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ახალი წლისთვის ყოველთვის ტრადიციულად, ძალიან დიდ, მასშტაბურ ღონისძიებას ვმართავთ, რომელშიც ყველა მოსწავლე-მასწავლებელი და ზოგჯერ მშობლებიც მონაწილეობენ. ეს არის შეჯამება მთელი წლის. სოფელს ვაცნობთ ჩვენს მოსწავლეებს, საჩუქრებს ვუმზადებთ ბავშვებს. მინდა აღვნიშნო, რომ სკოლაში პროფესიონალური გუნდიც გვყავს, რომელმაც საქართველოს საგუნდო ფესტივალზე მე-3 ადგილი დაიკავა. ზოგადად, წარმატებული მოსწავლეები გვყავს და ვცდილობთ, ჩვენი ნაშრომი აღნიშნულ ღონისძიებებზე წარვადგინოთ.
ზემინარ ქათამაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
წინასაახალწლო სამზადისი კარგა ხანია, რაც დავიწყეთ. საახალწლოდ სკოლაში, ტრადიციულად დიდ ღონისძიებებს ვატარებთ, რომლებშიც ბავშვები აქტიურად ერთვებიან. მეკვლის ტრადიცია უკვე მრავალი წელია გვაქვს, რაც მოსწავლეებს განწყობას უმაღლებს და სკოლაში საზეიმო ატმოსფეროს ქმნის. ყოველი წლის მიწურულს, ბავშვებს საახალწლო საჩუქრებს გადავცემთ და ვახარებთ.
ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიური და მონდომებული ბავშვები გვყავს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში გაიმარჯვეს ჩვენმა მოსწავლეებმა, რომელთან დაკავშირებითაც სკოლაში, ღონისძიება ჩავატარეთ.
იზა მორჩაძე, ტყიბულის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:
საახალწლო ღონისძიებებს ტრადიციულად დაწყებით კლასებში ვატარებთ. კარნავალი კი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ამაში ჩვენც ვართ ჩართულები და მხარს ვუჭერთ ბავშვებს. სკოლის ფოიეში აუცილებლად, ტრადიციულად ნაძვის ხე იდგმება, რომელსაც დეტალებით ვალამაზებთ. წელს, გადავწყვიტეთ კოსტიუმირებული კარნავალი გავაკეთოთ. გასულ წელს, მაგალითად, ბავშვებმა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები წარადგინეს ღონისძიებაზე. შარშანწინ ზეიმი გავმართეთ საქართველოს კუთხეების მიხედვით საახალწლო ტრადიციების შესახებ. ყოველ წელს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ვმართავთ, რადგან ერთფეროვანი და მოსაწყენი არ იყოს ბავშვებისთვის.
ციალა ჭაღალიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლის დირექტორი:
სკოლაში, საახალწლო ღონისძიებების განხორციელება ტრადიციადაა ქცეული. მოსწავლე-მასწავლებლები ერთად ვართავთ ნაძვის ხეს, საჩუქრებს ვუმზადებთ ბავშვებს და ამით ვცდილობთ მათი განწყობის ამაღლებას. წინასაახალწლო სამზადისში მთელი სასკოლო საზოგადოებაა ჩართული. ძალიან მახარებს ბავშვების გაბრწყინებული თვალები. როგორც ყველას, მათაც ძალიან უხარიათ ახალი წლის შემობრძანება. ამზადებენ ლექსებს, ცეკვებს, ჩვენთან ერთად გეგმავენ ღონისძიებებს.
თამაზ დიასამიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:
სკოლაში, გამორჩეული, განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ღონისძიებებს ყოველთვის ვატარებთ. 9 ბავშვი გვყავს სულ, თუმცა თითოეული მათგანი აქტიურადაა ღონისძიებებში ჩართული. ამ ეტაპზეც მუშაობენ და ემზადებიან საახალწლო ზეიმისთვის.
ლონგინოზ თოდუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის დირექტორი:
საახალწლო ტრადიციად შეიძლება მივიჩნიოთ ის ღონისძიებები, რომლებსაც ყოველწლიურად ვატარებთ. ბავშვები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ერთვებიან საახალწლო ზეიმსა და აქტივობებში. თავად გამოთქვამენ მათი ჩატარების ინიციატივას, გვთავაზობენ სცენარებს. ასევე მათი მონაწილეობით ლამაზი დეკორაციებით ვრთავ საკლასო ოთახებს და სკოლაში სადღესასწაულოდ გარემოს ვქმნით.