საახალწლო ლექსები სასკოლო ზეიმისთვის 
20-12-2023
წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდის, შობა-ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, სკოლებში თემატური ღონისძიებები იმართება. 

როგორც წესი, მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე შესაძლებლობებს სხვადასხვა ნომრის საშუალებით ავლენენ, მღერიან, ცეკვავენ და ლექსებს კითხულობენ. ამიტომაც, ქართველი პოეტების იმ ლექსებს გთავაზობთ, რომელთა ცოდნაც ბავშვებს საახალწლო ზეიმებზე გამოადგებათ.


თოვლის პაპას დარიგება

საახალწლოდ თოვლის პაპამ,
საჩუქრები დაარიგა,
მერე, მერე ყველა ბავშვი,
ამ სიტყვებით დაარიგა;

ისწავლეთ და გაიხარეთ,
ლანა, ტატო, ლილე,თეო...
გულში ცუდი არ გაივლოთ,
შეიყვარეთ სიკეთეო.

(ნათია აბულაძე)

 

ახალი წელი ტყეში

იცი, ტყეში ახალ წელს
როგორ ეგებებიან?
ნაძვზე შემოსკუპულან
ბუ, კოდალა, მელია.

კენწეროზე ციყვი ზის,
დაბლა - კურდღლის ბაჭია,
ყვავს თავისი ბახალა
გირჩით გაუპრანჭია.

თოვლის პაპაც მოსულა
და თვალს ვეღარ აშორებს
ნაძვის ხეზე შემომსხდარ
ცოცხალ სათამაშოებს.

(ლელა ცუცქირიძე)
 

ახალ წელს ვულოცავ ყველას!

ძველი უკვე მიბრძანდება-
ახალ წელს ვულოცავთ ყველას,
დიდებსაც და პატარებსაც, -
ვარსკვლავების სადარებსაც.
მთებს და ტყეებს,
ზღვას და ხეებს,
მინდვრებს, ველებს, ნაკადულებს,
ზვრებს, მდელოებს გადათოვლილს
და ჩვენს გიჟმაჟ მდინარეებს...
ტყეში შეყუჟულ ჩიტუნებს,
ნადირ -ცხოველს,
თევზებს წყალში,
მივულოცავთ ყველას, ყველას,
არავის დავრჩებით ვალში.
აღმოსავლეთ-დასავლეთით...
ჩრდილოეთით თუ სამხრეთით,
მშვიდობის ფიანდაზები
გაგვიშალოს ყველას ფერხთით.
მრავალ ახალ, ბედნიერ წელს!
მივულოცავთ ცას და მიწას,-
ჩვენს საყვარელ, მშვენიერ სახლს-
ლურჯ პლანეტას-დედამიწას!

(ნესტან კუპრავა)
 

კეთილი ზღარბი

- სად მიდიხარ ზღარბუნია?
გარეთ დიდი თოვლია.
- გავიგე რომ თაგუნიებს
ნაძვის ხე არ ჰქონიათ.

ეკლები მაქვს წიწვებივით,
ჩამოჰკიდონ, რაც უნდათ,
მიმაქვს ბევრი ბრჭყვიალები,
ვერცხლის წვიმა საჩუქრად.

მოკლედ, მინდა კარგად მომრთონ,
ცოტას გავახალისებ,
მე ვიქნები თაგუნების
საახლწლო ნაძვის ხე.

(ლელა ცუცქირიძე)

მეკვლე

როცა ზეცის კაბადონს
თეთრი ნისლი დაბურავს,
ტყიდან დინჯად გამოდის
თოვლისფერი ბაბუა.

მოაქვს ლხენა რამდენი,
საჩუქარი რამდენი,
სანთლებივით ადნება
წვერზე თეთრი ფანტელი.

მოსდევს თოვლი ახალი,
იცინიან ფიფქები,
ვინც დედის გულს ახარებს,
მისი მეკვლე ვიქნები.

(ნაზი კილასონია)

საახალწლო

- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?
- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.

(ნოდარ დუმბაძე)
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203