მასწავლებლებსა და დირექტორებს მკაფიოდ არ ესმით ესგ-ს რეფორმის არსი - კვლევის შედეგები
22-12-2023

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართ სკოლის საზოგადოების, ისევე როგორც განათლების ექსპერტთა დამოკიდებულებები არაერთგვაროვანია - აღნიშნულის შესახებ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეუნებულ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასების კვლევაშია აღნიშნული. 

იხილეთ, ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა კვლევის შედეგად:

• ყოველი მესამე პედაგოგი და დირექტორი თვლის, რომ მკაფიოდ არ ესმის რეფორმების არსი, ცალკეული სიახლეების დანიშნულება და სკეპტიკურ დამოკიდებულებას ავლენს რეფორმის კომპონენტების მნიშვნელოვნების, რეალისტურობისა და პრაქტიკაში გამოყენების წარმატებულობის მიმართ. ასევე, მასწავლებლების ნახევარი არ არის დარწმუნებული რეფორმის განხორციელებისათვის საკუთარ მზაობაში (კომპეტენციების თვალსაზრისით) და მიიჩნევს, რომ არ აქვს მაღალი მოტივაცია რეფორმაში ჩართვისთვის. მასწავლებელთა თითქმის ნახევარი და დირექტორების მესამედი კრიტიკულად აფასებს სიახლეების პრაქტიკაში გამოყენების წარმატებულობას (განსაკუთრებით, კომპლექსური დავალებების გამოყენების თვალსაზრისით).

• მიუხედავად ამ დამოკიდებულებებისა, მასწავლებლები და დირექტორები როგორც ჩანს, რეფორმის გაგრძელების პოზიტიურ პერსპექტივას ხედავენ; ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მასწავლებლების და დირექტორების ორი მესამედი დადებითად ან ძალიან დადებითად აფასებს ახალი სასწავლო გეგმის გამოყენების ეფექტს სკოლის ორგანიზაციულ გარემოსა და სხვა საკვანძო ასპექტებზე (მოსწავლის და მასწავლებლის კომპეტენციების განვითარებება, თვითშეფასება და ურთიერთობები). თუმცა რეფორმის წარმატების უმნიშვნელოვანეს წინაპირობად არსებული ხარვეზების გამოსწორებას მიიჩნევენ და ღიად მიუთითებენ ამ ხარვეზების არსებობაზე. კერძოდ: გამოკითხულ მასწავლებელთა ნახევარი მიიჩნევს, რომ მის საგანში ცნებათა სისტემა გადამუშავებას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო გეგმის მიმდინარე ვერსიის სრულიად შეცვლის მომხრეთა წილი მასწავლებელთა და დირექტორთა შორის ძალიან მცირეა (5%), უმეტესობა მისი რევიზიის აუცილებლობაზე მიუთითებს. ეროვნული სასწავლო გეგმის უცვლელად ან მცირე ცვლილებებით შენარჩუნების მომხრეთა წილი მასწავლებელთა და დირექტორებს შორის 30%-ს შეადგენს.

• მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ რეფორმის მსვლელობისას საკმარისი დრო არ დაეთმო რეფორმისთვის მზაობის ჩამოყალიბებას, ბევრი ცვლილება ნაჩქარევად განხორციელდა. მხარდაჭერის პროგრამებში საკმარისად არ იყო გამახვილებული ყურადღება პრაქტიკის და რეფლექსიის კომპონენტებზე.

• მასწავლებლების და დირექტორების ნახევარი ან მეტი თვლის, რომ რესურსების დეფიციტი (სასწავლო დამხმარე რესურსების, მატერიალური რესურსების, ტექნიკური დახმარების ნაკლებობა) მნიშვნელოვნად ან ძალიან მნიშვნელოვნად აფერხებს რეფორმის განხორციელების პროცესს. რესურსებით მხარდაჭერის პოლიტიკაში ჩართული სკოლებისთვის პრიორიტეტის მინიჭებამ არაჩართულ სკოლებში უთანასწორობის განცდა გააღრმავა და უარყოფითად იმოქმედა რეფორმისადმი დამოკიდებულებებზე. 11

• ყოველი მეორე პედაგოგი და დირექტორი რეფორმის შემაფერხებელ გამოწვევად განხორციელების პროცესში ხშირ ცვლილებებს, რეფორმის არაკოორდინირებულობას და არათანმიმდევრულ ხასიათს მიიჩნევს. კვლევის მონაწილეები საუბრობენ რეფორმის სხვადასხვა ელემენტის (ავტორიზაცია, მასწავლებელთა ტრენინგი) ფორმალურ ხასიათზე, ურთიერთგადამფარავ აქტივობებზე და ურთიერთსაწინააღმდეგო მესიჯებზე.

• ყოველი მესამე პედაგოგი თვლის, რომ სკოლის დონეზე რეფორმის განხორციელებისათვის შესაბამისი კომპეტენციები არ არის. მწვავეა მასწავლებლების გადატვირთულობის პრობლემა. ამ გამოწვევის არსებობას ყოველი მეორე დირექტორი და მასწავლებელი ადასტურებს.

რეფორმის მიმართ დამოკიდებულებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კონტექსტუალური ფაქტორები – სკოლის და მასწავლებლის მახასიათებლები, ისევე როგორც მხარდამჭერი მექანიზმების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.

• დამოკიდებულებები უფრო კრიტიკულია ე. წ. არაჩართულ სკოლებში, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ახალი სკოლის მოდელის პროგრამაში. გარკვეული განსხვავებები ვლინდება, ასევე, პროგრამაში ჩართვის წლის მიხედვით. ის სკოლები, რომლებიც პროცესს უფრო ადრე შეუერთდნენ, უფრო დადებითად აფასებენ რეფორმის შედეგებს.

• მასწავლებლების და დირექტორების შეხედულებები უფრო სკეპტიკურია არაავტორიზებულ, დიდი ზომის ან დედაქალაქიდან მოშორებით მდებარე, მაღალმთიანი დასახლებების სკოლებში – განსაკუთრებით ინფორმირებულობისა და მზაობის კომპონენტებში. დიდი ზომის სკოლებში პრობლემას წარმოადგენს კომპლექსური დავალებებით სწავლება – მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური უკუკავშირის მიწოდება.

• რეფორმის მიმართ დამოკიდებულებები, ასევე, არაერთგვაროვანია საგნების და სწავლების საფეხურების მიხედვით. შეფასებები უფრო პოზიტიურია დაწყებით საფეხურზე, სადაც რეფორმის პროცესი უფრო ადრე დაიწყო. რეფორმის კომპონენტების, ისევე როგორც ინდივიდუალური მზაობის, მოტივაციისა და ინფორმირებულობის მიმართ უფრო კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენენ უცხოური ენებისა და მათემატიკის მასწავლებლები.

• ჩამოთვლილი კონტექსტუალური ცვლადების გარდა მასწავლებლის ჯამურ შეფასებაზე სტატისტიკურად არსებით და ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს რეფორმის მნიშვნელოვნებისა და რეალისტურობის აღქმა, ისევე როგორც დამხმარე რესურსებზე, ტრენინგებსა და კონსულტაციებზე წვდომა და თემატურ კონფერენციებში მონაწილეობა, რაც რეფორმის მხარდამჭერი სისტემური პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203