ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემა - ორი მასშტაბური კვლევის შედეგები ცნობილია, რომელიც საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა.
სისტემური გამოწვევები რომ არსებობს, ამას ყველა აღიარებს, მათ შორის განათლების მინისტრიც, თუმცა რა უნდა გაკეთდეს მათ აღმოსაფხვრელად ესაა საინტერესო; მით უმეტეს, რომ კვლევის შედეგები დიდად ოპტიმისტური არ არის.
რას მოგვიტანს მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკა და სკოლების ავტონომიურობა? ხომ არ აპირებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორად დაბრუნებას? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება PISA-ს კვლევებში და რატომ მიიჩნევს გამოცდით პედაგოგების კარიერულ წინსვლას ნონსენსად? - etaloni.ge-ს კითხვებს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი პასუხობს და იმასაც აღნიშნავს, რომ სქემაში მასწავლებლების უმრავლესობა მხოლოდ ხელფასის გამო ჩაერთო.
- ქალბატონო მაია, ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემის კვლევის შედეგები ცნობილია, თუმცა მესამე კვლევა, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებს ეხებოდა, ჯერჯერობით არ დასრულებულა და პირველ რიგში ამ საკითხზე ვისაუბროთ...
- კვლევის პირველი ეტაპი დასრულდა და არსებული გრიფირებული სახელმძღვანელოები შეფასდა მასწავლებლების პერსპექტივიდან, სწავლების პრაქტიკაზე დაყრდნობით. იანვრიდან ვიწყებთ მეორე ფაზას, რომელიც მოიცავს გრიფირების წესის, კრიტერიუმების, სახელმძღვანელოების არჩევის პრაქტიკის კომპლექსურ შეფასებას. ასევე, დაგეგმილია საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი. ეს ფაზა გაზაფხულზე დასრულდება.
- მართლა კატასტროფული მდგომარეობაა სახელმძღვანელოებში?
- არა, ასე ნამდვილად არ ვიტყოდი. თუმცა გამოიკვეთა რიგი პრობლემები, კვლევის შემდეგ ფაზაზე, სახელმძღვანელოების შექმნისა და ხარისხის რეგულაციის მექანიზმების სიღრმისეული შესწავლით, შევეცდებით დავადგინოთ კვლევით გამოვლენილი ხარვეზების წინაპირობები. ყველაზე კრიტიკულად სახელმძღვანელოს ერთი ასპექტი შეფასდა: მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოთი დამოუკიდებლად სწავლის შესაძლებლობა; არადა, ეს, ერთი შეხედვით, მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამ და სხვა პრობლემურ საკითხებს უფრო დეტალურად შემდეგ ეტაპზე შევისწავლით.
- საერთო სურათიდან გამომდინარე, გულწრფელად მითხარით, რა გამოწვევების წინაშე დგას საგანმანათლებლო სისტემა?
- გამოწვევები რომ არსებობდა, ამიტომ გადაწყდა კვლევების ჩატარება ზოგადი განათლების საკვანძო თემებზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაცია მოხდა უპრეცედენტო, ფართომასშტაბიანი კვლევებით, რომლებშიც ჩართული იყო 40 ათასამდე მასწავლებელი, 1000 სკოლა, დირექტორები, რესურსცენტრების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, განათლების ექსპერტები.
რაც შეეხება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემას, არ ვიცი, რამდენჯერ გადაიხედა და შესწორდა, დაიხარჯა დიდი რესურსი და ადამიანები მონდომებით მუშაობდნენ, რათა ამ დოკუმენტს პროფესიული ზრდისთვის შეეწყო ხელი... მაგრამ სამწუხაროდ, ამ პროცესს ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლდა თან.
- რას გულისხმობთ?
- აღმოჩნდა, რომ სქემის თანმდევმა პროცედურებმა, ბიუროკრატიულმა ნაწილმა, გარკვეულწილად დააშორა მასწავლებელი სკოლასა და მოსწავლეს. პედაგოგები თითქმის ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მოსწავლისთვის არ რჩებათ დრო, არადა მასწავლებლის მთავარი ფუნქცია მოსწავლეებზე ზრუნვაა.
კვლევისას, მასწავლებლების უმრავლესობა ადასტურებდა, რომ სქემაში ჩართვის მოტივატორი მხოლოდ და მხოლოდ ხელფასი იყო. ამიტომ გადაწყდა - სქემას ჩამოშორდეს სახელფასო პოლიტიკა.
კვლევამ აჩვენა, რომ სავალდებულო ტრენინგებმა ფორმალური სახე მიიღო; ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ხანმოკლე და ცენტრალიზებული ტრენინგებით, რომლებიც ნაკლებად ითვალისწინებს პედაგოგთა რეალურ საჭიროებებს, შეუძლებელია მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა. სქემა ითვალისწინებს მასწავლებლის ყოველდღიური საქმიანობის წარმატებით წარმართვისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.
ამიტომ იცვლება მასწავლებლის სახლის კონცეფცია, პროფესიული განვითარების აქტივობები მაქსიმალურად იქნება მორგებული პედაგოგების საჭიროებაზე. ვიმედოვნებთ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული მექანიზმები ეფექტიანი პროფესიული განვითარების პრინციპებს დაეფუძნება.
თავად მასწავლებლების შეფასებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის არსებულ მოდელს, მათი სწავლების პრაქტიკასა და მოსწავლეების სწავლის შედეგებზე გამოკვეთილი დადებითი ეფექტი არ ჰქონია. ამის მიზეზი ალბათ ის არ არის, რომ მასწავლებლების დიდ ნაწილს უჭირს სქემის ფარგლებში შემოთავაზებულ ტრენინგებს შორის მისთვის საინტერესო და სასარგებლო თემაზე ტრენინგის შერჩევა; შეიძლება ითქვას, რომ არსებული ფორმით, ეს მოდელი მოწყვეტილია მასწავლებლის ყოველდღიური საქმიანობას.
საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ მასწავლებლის კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების ასეთი ცენტრალიზებული სისტემა, როგორიც საქართველოშია, თითქმის არსად არ არის. ალბათ იმიტომ, რომ ცენტრალიზებულად ვერ შეაფასებ, თუ რას აკეთებს მასწავლებელი სკოლისთვის - მასწავლებელი იბრძვის სტატუსისთვის, ხელფასისთვის და შეფასების პროცესში არ არის გათვალისწინებული მისი როლი სკოლაში. ამ დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი მასწავლებლის შეფასებაში უნდა იყოს სკოლა. სკოლამ უნდა იზრუნოს პედაგოგების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. და მე ძალიან მიხარია, რომ სამინისტროს აღებული აქვს გეზი სკოლების ავტონომიურობისკენ.
- აქ ობიექტურობის საკითხიც მნიშვნელოვანია - რომელი დირექტორი ეტყვის მასწავლებელს, რომ არ არის ღირსი მენტორის სტატუსის... სკოლის ხელმძღვანელის პირად სიმპათიებზე ხომ ვერ იქნებიან პედაგოგები დამოკიდებულები?
- ცვლილება ეტაპობრივად, სკოლების მხარდაჭერის ფონზე უნდა განხორციელდეს. ავტონომიას და დამოუკიდებლობასაც სწავლა სჭირდება, მომზადება, მაგრამ გეზს თუ აქეთ ავიღებთ და პროცესებს რაციონალურად დავგეგმავთ შედეგს ნამდვილად მივაღწევთ. იმავდროულად, მნიშვნელოვანია გვქონდეს სკოლების შეფასების, ანგარიშვალდებულების ეფექტური სისტემა. სხვაგვარად როგორ ვაფასებთ, სკოლების ეფექტიანობას? ვის მეტი მხარდაჭერა და რესურსი სჭირდება, ვის - ნაკლები?
- მოსწავლეთა მიღწევებით, ქალბატონო მაია...
- რომელი მიღწევებით? გამოცდაზე რაც მიიღეს? შეფასების სისტემა გასამართია, სკოლის ლიდერი და მასწავლებელი ხარისხის ხარჯზე დათმობაზე არ უნდა წავიდეს.
- ხარისხზე PISA-ს კვლევა მახსენდება, სადაც ჩვენი ქვეყანა, მოკრძალებულ - ბოლო პოზიციებს იკავებს, თუნდაც წაკითხულის გააზრების ნაწილში.
- დიდი ხანია ჩვენი ქვეყანა PISA-ს კვლევაში მონაწილეობს, შედეგები ყოველთვის ძალიან მოკრძალებული გვქონდა და მუდმივად ისმოდა იმაზე წუხილი, მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით შედგენილ ქვეყნების რეიტინგულ სიაში რომელ ადგილზე ვართ, არადა აქ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რატომ ვიკავებთ ამ ადგილს. გარკვეული ინტერვენციებია ჩასატარებელი პრობლემების აღმოსაფხვრელად. ისიც ხომ ვიცით, რომ პანდემია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ ყოფილა, ამიტომაცაა, რომ ამ ფონზე სულ რამდენიმე ქვეყანამ მოახერხა შედეგის გაუმჯობესება; ვფიქრობ, რეიტინგულ სიაზე მსჯელობას, აჯობებს, კვლევის შედეგებს ჩავუღრმავდეთ და ვნახოთ რა გვაქვს გამოსასწორებელი.
- სკოლის როლის გაძლიერებაზე რადგან ვსაუბრობთ, ეროვნული გამოცდების მოდელიც უნდა შეიცვალოსო, მინისტრმა აღნიშნა და ეს როგორ წარმოგიდგენიათ... ამბობენ, ამ მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება იქნება ნაბიჯი უკან - კორუფციისკენ.
- ფორმალურად თუ მივუდგებით ამ საქმეს და მაგალითად, არსებულ მოდელს გავაუქმებთ და რაც ადრე იყო, დავაბრუნებთ, ბუნებრივია, იქნება ნაბიჯი უკან, მაგრამ ამას არც არავინ აპირებს.
როდესაც საუბარია ეროვნული გამოცდების მოდიფიცირებასა და რეფორმაზე, არავინ მოიაზრებს წარსულში დაბრუნებას. იცით, ეროვნული გამოცდები რომ შემოვიღეთ, მაშინ ამბობდნენ, ახლა ყველა უმაღლესი სასწავლებლის კორუფცია ერთიანად გადაინაცვლებს გამოცდებზე პასუხისმგებელ ორგანიზაციაშიო, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩამოყალიბდა სისტემა, რომელმაც მოიპოვა სრული ნდობა.
- ისე, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა, 1-ელი იანვრიდან ვაკანტურია. ხომ არ აპირებთ დაბრუნებას?
- ეროვნული გამოცდების შემოღება იყო ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი საქმე ქვეყნისთვის და ვფიქრობ, ახლაც არანაკლებ საქმეს ვაკეთებთ - სისტემას დახმარება სჭირდება და მიხარია, რომ გადაწყვეტილებების მიღება ამიერიდან კვლევებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდება. როცა ამას ამბობს მინისტრი, რა თქმა უნდა, გვიჩნდება სერიოზული მოტივაცია, საქმე მაქსიმალურად კარგად გავაკეთოთ.
- ეროვნულ სასწავლო გეგმაზეც ვისაუბროთ - ვერ გაამართლა მესამე თაობის ესგ-მ?
- ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაო ჩატარდა ამ კუთხით, თუმცა ხარვეზები იყო ახალი სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. რამდენადაც ვიცი, ესგ-ს მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, რომ ამ პროცესში ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებებიც იქნება გამოყენებული.
- მაგალითად?
- ვგულისხმობ, რომ ზოგადად, ახალი იდეის, ინიციატივის დანერგვა რეალობის შეფასებით იწყება ხოლმე - იქნება ეს ახალი მოთხოვნები და გამოწვევები, მატერიალური და ადამიანური რესურსები თუ სხვა. ახალ მიზნებს და მოთხოვნებსა და არსებულ რესურსებს შორის შეუსაბამობა გამოწვევებს წარმოშობს ხოლმე და შეიძლება კარგი წამოწყება და იდეაც დააზარალოს. ჯამში ყველაფერი ხომ ბავშვებს ეხება. ცნებებზე დაფუძნებული პედაგოგიკა საინტერესო სიახლეა, კონსტრუქტივიზმიც მეგათეორიად ითვლება, ის ამ საუკუნეში არ შემუშავებულა და სწავლა კეთებით რომ ეფექტურია, ახალი არც ესაა. დანერგვის პროცესში იყო სირთულეები და ეს კვლევის ანგარიშშიც ასახულია.
- დაბოლოს, მასწავლებლების გამოცდებზე გკითხავთ - ტესტირების ეფექტურობის მიმართულებითაც ხომ არ აპირებთ კვლევის ჩატარებას?
- კარიერულ წინსვლაში გამოცდის შედეგების ასეთი დოზით გამოყენება, ჩემთვის სუბიექტურად მიუღებელია. მენტორი უნდა იყოს თუ არა მასწავლებელი, სკოლის მიზნების განხორციელებაში მის მიერ შეტანილ წვლილით უნდა განისაზღვროს და არა გამოცდით. ან რამდენჯერ შეიძლება საგნის გამოცდის ჩატარება?
- ქალბატონო მაია, ამას ამბობთ თქვენ, რომლის სახელსაც უკავშირდება მასწავლებლების გამოცდები?
- მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდების შემოღებისას მთავარი აქცენტი იმის გარკვევაზე გაკეთდა, რა კვალიფიკაციის პედაგოგები გვყავს სისტემაში, რა რეალობაა... შემდეგ სხვა ინტერვენციები უნდა დაწყებულიყო, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, გამოცდის შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახდა პროფესიაში შესვლისას, და ეს მისაღებია. კარიერული წინსვლისთვის კი ეს არაადეკვატურ მექანიზმად მიმაჩნია და ამას საერთაშორისო გამოცდილებასა და კვლევებზე დაყრდნობითაც ვამბობ.
- თუმცა ვაღიაროთ, რომ მასწავლებლებში საგნის გამოცდის ჩაბარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.
- ვფიქრობ ამ საკითხის მოგვარება და გადაჭრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კომპეტენციაა და სწორედ საგანმანათლებლო პროგრამებმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ კონკრეტული საგნის მასწავლებელს ამ საგანში შესაბამისი ცოდნა ნამდვილად ჰქონდეს.