ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოდკასტის (PODCAST) ჩემპიონატი ჩატარდა
30-11-2023

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის ინიციატივით, KIU-ში პოდკასტის ჩემპიონატი“ (PODCAST Competition Fall 2023) ჩატარდა. აღნიშნული ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულალური ღონისძიებაა როგორც სკოლის, ისე საუნივერსიტეტო მასშტაბით. პროექტის მიზანია, სტუდენტების მიერ მათთვის საინტერესო თემებზე მომზადებული 10-წუთიანი მოხსენებების (Pitches) წარდგენა, ამასთან, იმგვარად, რომ დააფიქროს მსმენელი, აუმაღლოს მოტივაცია სხვა სტუდენტებს, გახადოს საკითხი აქტუალური და საინტერესო. ღონისძიება ასევე ემსახურება სტუდენტთა სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებას. 

მე-3 სეზონის ჩემპიონატში მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის 13 სტუდენტი/მომხსენებელი მონაწილეობდა. თითოეული მათგანი ჟიურის წინაშე საინტერესო თემით წარდგა. PODCAST Competition Fall 2023-ის ჩემპიონატს სამი გამარჯვებული ჰყავს. პირველ ადგილზე სალომე შავერდაშვილი გავიდა, მეორე ადგილი ლუკა ბერიშვილმა დაიკავა, მესამე ადგილი კი ნია მეტრეველს ერგო, ნია მეტრეველი ასევე დასახელდა სტუდენტების რჩეულად.  პროექტის ყველა მონაწილე რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა აუდიტორიის წინაშე წარსადგენად. მათ მიერ მომზადებული თემები მრავალფეროვანი იყო. სალომე შავერდაშვილის პოდკასტი „თიხის სახე (Clayface)“ გახლდათ, ლუკა ბერიშვილის „ათასსახოვანი გმირი (The Hero With a Thousand Faces)“, ხოლო ნია მეტრეველის „KInder“.

როგორც KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია ზედგინიძე აღნიშნავს, მსგავსი ჩემპიონატების ჩატარებას უნივერსიტეტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, პროექტი ხელს უწყობს სტუდენტთა უნარ-ჩვევების მრავალმხრივ განვითარებას. მისი თქმით, კონკურსი რეგულარულად ტარდება მენეჯმენტის სკოლის ფარგლებში.

„პოდკასტების ჩემპიონატი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც უკვე ორი წელია წარმატებით ტარდება მენეჯმენტის სკოლის ორგანიზებით. პროექტის მიმართ სტუდენტთა ინტერესი ყოველ სემესტრში იზრდება.

ჩემპიონატი ემსახურება მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებში ისეთი უნარების განვითარების ხელშეწყობას, როგორებიცაა: იდეების ფორმირება, კომუნიკაცია, პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა, ლოგიკური აზროვნება, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრირებით დასკვნების გაკეთება.  

არ შემიძლია არ აღვნიშნო, მენეჯმენტის სკოლის თითქმის ყველა პროექტში, მათ შორის, პოდკასტების ჩემპიონატში დაინერგა სტუდენტთა აქტიური თანამონაწილეობითი სისტემა. რას ნიშნავს თანამონაწილეობითი სისტემა? მე მჯერა, თუ სტუდენტი ჩართულია პროექტის ციკლის ყველა ეტაპზე (ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება, დახურვა), გარდა იმ უნარებისა, რომლებსაც შეიძენს ან განივითარებს პროექტის ფარგლებში, მას ასევე უჩნდება კუთვნილობის განცდა, საქმის უმაღლესი ხარისხით შესრულებისა და, ზოგადად, გულშემატკივრობის სურვილი. შესაბამისად, პოდკასტის პროექტში იქმნება სტუდენტთა საორგანიზაციო და მენტორთა ჯგუფები.  საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობს ღონისძიების ადმინისტრაციულ, ლოგისტიკურ, საორგანიზაციო საკითხებზე, ხოლო მენტორთა ჯგუფი ეხმარება პოდკასტის სპიკერებს მოხსენებების (pitches) მომზადებასა და წარდგენაში. რეალურად, მთელი PODCAST Competition აწყობილია სტუდენტების აქტიური ჩართულობის პრინციპებზე და,  შედეგად, ვიღებთ ბრწყინვალე პროექტს, ბრწყინვალე მოხსენებებს სხვადასხვა თემაზე.

აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით, მივულოცავ პოდკასტის გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ სემესტრებშიც. მოლოცვა აუცილებლად ეკუთვნის ყველა სპიკერს. თითოეულმა მათგანმა საინტერესო მოხსენება წარმოადგინა  და წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა დამსწრე აუდიტორიას.

ასევე, დიდი მადლობა ყველა სტუდენტს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებაში.

ჩვენი სკოლის, სკოლის ფარგლებში განხორციელებული პროექტებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია KIU-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kiu.edu.ge - აღნიშნავს KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია ზედგინიძე.

პოდკასტის ჩემპიონატის ანალოგები მრავლად არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას, მომხსენებელმა ფართო საზოგადოებას გაუზიაროს პირადი, პროფესიული, ბიზნეს საქმიანობით მიღებული გამოცდილება, დასკვნები და, ამით, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სხვა ადამიანების მისწრაფებებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203