„კონკურსი იმისაა, ვიღაცები გარეთ დარჩებიან“ - დირექტორები ახალი ფორმატით შეირჩევიან
22-12-2023

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, 1000-ზე მეტ სკოლაში სკოლის დირექტორთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი 2024 წლის იანვარ-თებერვალში გამოცხადდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსი უკეთესი წესით ჩატარდება, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა ცვლილებები შევა პროცესში. 

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და დირექტორთა კონკურსის კანდიდატების ნაწილი მოითხოვენ, შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და შეიქმნას, სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მომავალში გაიმართება დირექტორების კონკურსი.

როგორც  გიორგი ამილახვარმა „ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა ხელმძღვანელი ათასზე მეტ სკოლას არ ჰყავს. 

„1000-ზე მეტ სკოლაში არჩევნები ვერ შედგა, ფიზიკურად კანდიდატები არ არსებობდა. დირექტორობის მსურველი 2-ჯერ ნაკლები გვყავდა, ვიდრე სკოლები გვაქვს. მინისტრს კანონით აქვს დისკრეციის უფლება ნებისმიერ სკოლაში, კომისიის დასკვნის საფუძველზე, ან მისი შეხედულებით დანიშნოს ესა თუ ის დირექტორი. არც ერთი დისკრეცია არ გამომიყენებია და ამას ვაკეთებ მიზანმიმართულად, ვინაიდან დავიწყეთ სკოლის ავტონომიაზე საუბარი, დამოუკიდებელი უფლებების დელეგირებაზე და მინდა, სასკოლო საზოგადოებამ თვითონ გადაწყვიტოს, ვინ იყოს მისი დირექტორი. წარდგენილი კანდიდატების 92%-ში, სკოლის სამეურვეო საბჭოებმა თავად გადაწყვიტეს, ვინ უნდა ყოფილიყო მათი დირექტორი. და იცით, სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისგან და მასწავლებლებისგან. თუ ჩვენ წარვუდგინეთ ისეთი კანდიდატი, რომელიც სკოლისთვის მოსაწონი არ იყო, მაშინ უბრალოდ არ აირჩევდნენ, იყო ასეთი შემთხვევებიც 8%-ში. შემეძლო ბრძანება დამეწერა, ის 8% განმეწესებინა თავის ადგილას, ეს მიზანმიმართულად არ გავაკეთე, ვინაიდან როგორც ჩანს, სამეურვეო საბჭოს ეს კანდიდატები არ მოეწონა, ამიტომ არ მინდოდა ჩემი კანონიერი უფლება მომეხვია სკოლისთვის თავს“,- განაცხადა ამილახვარმა.

მინისტრმა თქვა, რომ  კონკურსი წინაზე უკეთესი წესით ჩატარდება და ამისთვის სამინისტრო ახლა მუშაობს.

„რას ვაპირებთ ახლა - უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ახალ კონკურსებს, ალბათ ახალი წლიდან, მაგრამ ვლაპარაკობთ იანვარ-თებერვალზე. საუბარია, უფრო დახვეწილ, ინკლუზიურ მექანიზმებზე და ფართო პროცესზე. 

ახალ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება ყველას, ვისაც აქვს ან არ აქვს სერტიფიცირება და სურვილი აქვს რომ მოიპოვოს, მე პირობას ვაძლევ რომ მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღ, ობიექტურ კონკურსში, რომელიც უკეთესი წესით ჩატარდება და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, რომ დავხვეწოთ ის გამოცდილება, ის პროცედურები, რომელიც შესაძლოა, გაუმჯობესებას საჭიროებს. კონკურსში მონაწილეობის საშუალებას ყველას მივცემთ, თუმცა კონკურსი იმის არის, რომ ვიღაცები გარეთ რჩებიან, გასაგებია, რომ აქ არის გულისწყრომა, განაწყენება და ა.შ. თუმცა, აქ ერთადერთი რაც შეიძლება არის სამართლებრივი დავა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203