განათლების მინისტრის განცხადებამ, რომ მოხდება ეროვნული გამოცდების მოდიფიცრება, საზოგადოებაში გააჩინა განცდა - შესაძლოა აღნიშნული გამოცდები გაუქმდეს. რამდენად შეესაბამება ეს ვარაუდი რეალობას, განათლების მინისტრმა, სატელევიზიო ინტერვიუში რამდენიმე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით არაფერი არ იცვლება, თუმცა გიორგი ამილახვრის თქმით, განათლების სამინისტრო ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობს:
„3 წლის შემდეგ დადგება საკითხი, განვიხილოთ – არის ეროვნული გამოცდების საჭიროება, თუ გვიწევს საერთოდ მისი გაუქმება“.
მინისტრის განმარტებით, მე-12 კლასში განმსაზღვრელი შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება უნივერსიტეტში მოსწავლის ტრანზიციისთვის:
„ამ მინიმალურმა ცოდნის ბარიერმა უნდა გადაწყვიტოს, მოსწავლე ამთავრებს სკოლას თუ ვერა.12 კლასის განმსაზღვრელი შეფასება ორ რამეს გადაწყვეტს, ერთი, რომ ბავშვი სკოლას ამთავრებს და მას მიენიჭება ქულა რეიტინგი, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის მოთხოვნებიდან გამომდინარე და ამ ქულის ფარგლებში თავად გადაწყვეტს მოსწავლე, თუ რომელ უნივერსიტეტს მიმართავს და უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს ბარიერს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.