2 იანვარს საქართველოში ბედობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, თუმცა ეს ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის.
ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ.
ტრადიციის თანახმად, ოჯახები ბედობა დღეს ირჩევდნენ კეთილი გულის და „კარგი ფეხის“ მქონე ადამიანს, რომელიც ოჯახის მეკვლე უნდა ყოფილიყო. ამ დღეს ასევე ცდილობდნენ, რომ არც რაიმე ესესხებინათ და არც გაესესხებინათ.
საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნება. პირველი ბედობა ბარბალობას (ბარბარობას) უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ, მდიდარ ადამიანს იწვევდნენ და განსაკუთრებით უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიუხვესთან ასოცირდებოდა. მარცვლეულს მეკვლეს ტახტზე უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებდნენ.
ანალოგიურად იქცეოდნენ ახალი წლის მეორე დღეს - 2 იანვარს. აქაც არის მეკვლე, თუმცა ეს დღე არა მარტო მეკვლეზე არ არის დამოკიდებული, აქ მნიშვნელოვანია როგორ იქცევა ამ დღეს ოჯახის ყველა წევრი.
მესამე ბედობა იგივეა რაც 2 იანვრის, თუმცა მათთვის ვინც ძველით ახალ წელს აღნიშნავს, ბედობაც ძველი კალენდრით უწევს.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის „ძველი სტილის“ კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული „ახალი სტილის“ - რომლითაც ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები.
ამ განსხვავებამ, XX ‑ XXI საუკუნისათვის შეადგინა 13 დღე-ღამე, ამიტომაც ახალი წელი ძველი სტილით აღინიშნება 13-დან 14 იანვრის ღამეს იმ ქვეყნებში, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე ცრურწმენებთან არის დაკავშირებული, Etaloni.ge კარგი განწყობის, წარმატების, ბარაქის და ბედნიერების დაბედებას გისურვებთ!