„ვფიქრობ, საქართველოს პედაგოგები განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იმსახურებენ“, - აღნიშნა სალხინოს სკოლის ხელმძღვანელმა და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან ცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საგნობრივ სტანდარტებს ეხება.
„დრო იყო, ეს სტანდარტები შეცვლილიყო და სხვათა შორის, როდესაც საკითხი პედაგოგებთან განვიხილე, უკლებლივ ყველამ, დადებითად შეაფასა ეს გადაწყვეტილება. აქვე შეუძლებელია ყურადღება არ გავამახვილო სახელფასო პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებსა და სკოლების ავტორიზაციაზე... ვფიქრობ, კიდევ არაერთი დადებითი ცვლილება გველის. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს სკოლას, 2023 წელი უდავოდ წარმატებული იყო ჩვენი პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და თუ მოსწავლეთა მიღწევების მხრივ. ვამაყობ, რომ ჩვენ ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და არაფორმალური განათლების, განსაკუთრებით კი „ეტალონის“ პროექტებში არაერთი წარმატებით გვახარებენ“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ნუნუ სილაგავამ.
2023 წლის ცვლილებებს შორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის დირექტორმა ლამარა კოხრეიძემ პირველკლასელთა სასკოლო ასაკი დაასახელა: „კარგია, რომ ის ბავშვები არ დაიჩაგრებიან, ვისაც 6 წელი დეკემბრამდე უსრულდებათ. პატარებს რამდენიმე დღის გამო წელი ემატებოდათ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ეს სიახლე მათი მომავლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“.
ნესტან სიხარულიძეს კი, ქუთაისის N23 საჯარო სკოლის დირექტორს, ყველა ცვლილება მნიშვნელოვნად მიაჩნია: ავტორიზაციაც, სასკოლო ასაკის მოდიფიცირებაც და სკოლებში დემოკრატიისა თუ ავტონომიურობის ხარისხის ზრდაც:
„ყველა ცვლილება მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. გარდა ამისა, აღსანიშნავია, სკოლების ავტორიზაციის საკითხიც... ვეთანხმები განათლების მიმართულებით არჩეულ კურსს და მომწონს, მშობელს რომ აქვს არჩევანის თავისუფლება - როდის წაიყვანოს შვილი სკოლაში: სასკოლო საზოგადოების ზოგიერთი წევრი შეიძლება ფიქრობდეს, რომ 5 წლის ბავშვები პირველ კლასში შესასვლელად მზად არ არიან, თუმცა მშობელი ამ მზაობას ხედავდეს... აქვე აღვნიშნავ ცვლილებებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში და ხაზგასმით ვიტყვი - მახარებს სკოლებში დემოკრატიის მაღალი ხარისხი. აქვე, დავამატებდი ავტორიზაციის საკითხს - ბევრი დრო და რესურსი დაიხარჯა იმაში, რომ შერჩეულ სკოლებს კვალიფიციური დახმარება გასწეოდათ.“
სენაკის მუნიციპალიტეტის ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორს მაია ახალაიასაც მოსწავლეთა სასკოლო ასაკის განსაზღვრა მიაჩნია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად, ამასთან etaloni.ge-სთან საუბრისას ხაზს უსვამს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესების გადაწყვეტილებასაც:
„თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ, ჩემი აზრით, დეკემბრის ჩათვლით, დაბადებული მოსწავლეების სკოლაში მიღება გამართლებული იქნება. მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს რაც შეეხება, პედაგოგების უმრავლესობა, მგონია, რომ ნაწყენი დარჩა. კარგი იქნება, თუ ამ დღეს სხვა მიმართულება ექნება და სხვაგვარადაც აღინიშნება. ბევრი ფიქრობს, რომ მხოლოდ ერთ დღეს არ არის მასწავლებელი ასე წარმოსაჩენი“.
ეკა კოზაკიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მოსწონს ის პოზიტიური ნაბიჯები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და დაფასებისთვის იდგმება:
„პირველკლასელთათვის სკოლაში შესვლის ვადის გადაწევა, ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო და არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესება, თანაც ის სიმბოლურად, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა... ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საზოგადოება პედაგოგთა შრომას აფასებს.
აქვე აღსანიშნავია, მომავალი წლისთვის დაანონსებული სახელფასო ცვლილებები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში მასწავლებლის პროფესია მეტად დაფასებული და პრესტიჟული იქნება.“
ზაზა პიტავას კი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის დირექტორს, 2023 წლის საგანმანათლებლო ცვლილებებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვნად სკოლების ავტორიზაცია მიაჩნია, რადგან მისი თქმით „სკოლებში ნორმალური სასწავლო პროცესის წარსამართად, შესაბამისი პირობები უნდა იყოს“.
ასე აჯამებენ სკოლის დირექტორები 2023 წელს და სჯერათ, რომ 2024-ში კიდევ უფრო მეტი წარმატებული სიახლე დაინერგება განათლების სფეროში, რომლებიც მომავალი თაობების ინტერესებზე იქნება მორგებული.