საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, როგორიცაა სკოლა, კოლეჯი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარე პერიმეტრზე (შესასვლელთან) ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების (არანაკლებ ორი ვიდეოკამერა) განთავსება სავალდებულო გახდა, - აღნიშნულია ინფორმაცია etaloni.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.
აღსანიშნავია, რომ შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ახორციელებს ლიცენზირებული, ავტორიზებული, სანებართვო და სარეგისტრაციო დაწესებულებების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტის გაცემას.
აღნიშნულ დაწესებულებებს განეკუთვნებოდა: აზარტული დაწესებულებები; მიკროსაფინანსო ორგანიზაციები; სესხის გამცემი სუბიექტები; ვალუტის გადამცვლელი პუნქტები; ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები; აფთიაქები; ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები საკომპრესორო სადგურები.
2024 წლის 1 იანვრიდან კი, ფართოვდება რეგულაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების რაოდენობა, კერძოდ არსებულ ობიექტებს დაემატა:
კერძო / საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები;
სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები;
სიგარაბარები;
სავაჭრო ცენტრები;
ბაზარი / ბაზრობა.
დადგენილებითვე განისაზღვრა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური მახასიათებლები და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსების წესები.შენობა-ნაგებობის მთავარ შესასვლელთან, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეოკამერა, რომელიც შეესაბამება დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს.
თუ შენობა-ნაგებობას აქვს სათადარიგო შესასვლელი, სავალდებულოა 1 ვიდეოკამერის დამონტაჟება თითოეულ სათადარიგო შესასვლელთან.
ვიდეოკამერები უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შენობა-ნაგებობაში შემსვლელი და გამსვლელი პირის დანახვა და იდენტიფიკაცია.
ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა, უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე.
დაწესებულებების ხელმძღვანელი ან სხვა პასუხისმგებელი პირები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმების მოთხოვნის მიზნით, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის პორტალზე camera.mia.gov.ge.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.