რომელი პედაგოგებისთვის მოიხსნა საათობრივი შეზღუდვა - 8 ცვლილება ზოგადი განათლების კანონში
29-12-2023

ზოგადი განათლების შესახებ კანონში 8 ცვლილება შევიდა, რომელიც ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან და მათ შორის პირველია ის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეეცვლება სახელწოდება - 1 იანვრიდან იქნება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“;

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტით, ცალკე განისაზღვრა უცხოელი მოწვეული მასწავლებლის ცნება - ამ პირთა მასწავლებლობის უფლების აღიარება მოხდება სამინისტროს მიერ შემუშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის შესაბამისად და მისი საათობრივი დატვირთვა არ იქნება შეზღუდული;

სამაგიეროდ მოწვეულ მასწავლებლებს განესაზღვრათ, რომ მათი საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს სრული დატვირთვის 50 პროცენტს;

ასევე, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვა შეეძლებათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდებათ, ხოლო  2025 წლის 1 იანვრიდან, სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.

მორიგი ცვლილების მიხედვით, მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესს; სკოლების ავტორიზაციის ვადა ახალი სტანდარტით ავტორიზებული სკოლებისთვის განისაზღვრა ავტორიზაციის მოპოვებიდან 9 წლით;

დოკუმენტის თანახმად, საჯარო სკოლების ავტორიზაციის დასრულების ვადამ 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე გადაიწია;

ასევე, 2024 წლის 1 ივნისიდან გაუქმდება სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი და მის ნაცვლად მოსწავლის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებასა და კონსულტირებას განახორციელებს სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, რომლის ფარგლებშიც პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიკაციის მიზნით განხორციელდება ამ პირის/მოსწავლის შეფასება, განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევა და საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203