9 აკრძალვა შობის დღეს - რა არ უნდა გააკეთოთ 7 იანვარს
06-01-2024

შობის დღესასწაულს ყველა საშობაო ალილოთი ეგებება. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია - მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ჩამოივლიდა უბნებს და სიმღერით ულოცავდა შობის დღესასწაულს. მახარობლებს ოჯახის დიასახლისი ჩურჩხელით, ხილითა და სხვადასხვა პროდუქტით ასაჩუქრებდა. ძირითადად ეს იყო პური, შაქარი და კვერცხი. მოგვიანებით მამაკაცები ბავშვებმა შეცვალეს. ძღვენს კი ჩურჩხელასთან ერთად დაემატა ფული და სხვა სახის ტკბილეული.

საქართველოში საშობაო სუფრაზე სხვადასხვა კუთხეში მისთვის დამახასიათებელ სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში - საცივი, სამეგრელოში - ელარჯი და ღომი, მესხეთში - თუთის ბექმეზითა და დათლილი ნიგვზით მომზადებული გოზინაყი. სადღესასწაულოდ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ღორის ხორცი. სამეგრელოში - გოჭს წვავენ აჯიკითა და მარილ-წყლით, ამზადებენ კუპატებს ღორის შიგნეულობისა და ხორცისგან. ადრე კახეთში საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხარშული ღორის თავ-ფეხი, ღორის ხორცის მწვადები და მუჟუჟი. ასევე ტრადიციულია მრგვლად მოხარშული დედალი ნიორთავას საწებლით. ნიორთავა წარმოადგენს მარილთან ერთად დანაყილ ნიგოზსა და ნიორს, რომელსაც წყლით ან ქათმის ბულიონით აზავებენ. ასეთი საკმაზით ანელებენ მოხარშულ სიმინდსაც, რაც კახური საახალწლო სუფრისთვის ძალიან დამახასიათებელია. ტკბილეულიდან - ჩურჩხელები (დასავლეთ საქართველოში - ჯანჯუხები), თაფლი, თხილეული და ჩირი.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური დღესასწაულიაა, მაინც არსებობს რამდენიმე ტრადიცია თუ ცრურწმენა, რომელსაც ოდითგანვე ითვალისწინებდნენ. ჩვენ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

მაშ ასე, რისი გაკეთება არ შეიძლება 7 იანვარს:

- შობას არ შეიძლება ძველი სამოსის ჩაცმა;

- ქალებს ეკრძალებათ ხელსაქმე - რეცხვა, კერვა, ქსოვა;

- არ შეიძლება კამათი, განსაკუთრებით საშობაო სუფრასთან;

- მიიჩნევა, რომ შობას ნაძვის ხეს უნდა ამშვენებდეს შობის ვარსკვლავი;

- არც ერთი კერძი არ უნდა დარჩეს დაუგემოვნებელი;

- არ უნდა ვთქვათ უარი ქველმოქმედებაზე;

- 6 იანვარს არ შეიძლება ხორცეულის მირთმევა;

- ძველად, სწამდათ, რომ საშობაო სუფრაზე უნდა იყოს 12 სამარხვო კერძი, მოციქულების რაოდენობის მიხედვით, თუმცა სუფრის ალაგება შობამდე არაფრით შეიძლება;

- არ შეიძლება მკითხაობა.

რაც მთავარია, ბოლო წლებში საქართველოში ტრადიციად იქცა სანთლის დანთება ფანჯარაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203