მეკვლეობა და ბედობა - ჯადოსნური დღესასწაულის გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოში საუკუნოვანი ისტორია აქვს და თაობიდან თაობას გადაეცემა. მეკვლე ფეხბედნიერი ადამიანია, რომელსაც ოჯახში სიხარული, ბარაქა შეაქვს და სხვათა შორის, ძველად, ოჯახში მისი შემობრძანება განსაკუთრებულ რიტუალთან იყო დაკავშირებული. დღეს ამ რიტუალებს ნაკლები ყურადღება ეთმობა, თუმცა „კუჩხი ბედინერის“ დღემდე გვჯერა და ალბათ საზოგადოებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება შეიტყოს, რას ფიქრობენ ამ ტრადიციაზე სკოლის დირექტორები - სჯერათ თუ არა და ვის ისურვებდნენ ბედობას მეკვლედ?
ინეზა ციხიშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის დირექტორი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მეკვლეობის ტრადიციის ბავშვობიდან სჯერა და მიაჩნია, რომ მასზეა დამოკიდებული თუ რამდენად წარმატებული იქნება მომავალი წელი. „ზოგადად, მეკვლის ტრადიციის, რა თქმა უნდა, მჯერა. ბავშვობიდან გვყავდა მეკვლე ოჯახში. ჩვენი განწყობისთვის, იმისთვის, რომ შემდგომი მომავალი წელი წარმატებული, მშვიდობის მომტანი და ბედნიერი იყოს ფეხბედნიერი მეკვლე მნიშვნელოვანია. კონკრეტულად რთული სათქმელია თუ ვის ვისურვებდი 2024 წელს მეკვლედ - ნებისმიერი წარმატებული ადამიანი სასიამოვნო იქნებოდა, მაგალითად განათლების მინისტრი. მთავარია ჩვენს ქვეყანას წარმატება და სიკეთე მოუტანოს“, - ამბობს ის.
თეონა ადეიშვილისთვის, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორია 2024 წელს მეკვლედ თავის პირველკლასელებს ისურვებდა, რადგან მიაჩნია, რომ ისინი წარმატების მომტანები იქნებიან. „მეკვლის ტრადიცია საქართველოს უძველესი წარსულიდან მოჰყვება და მეც, რა თქმა უნდა, მჯერა მისი. კარგ მეკვლეს, რომელიც წარმატებულია და კეთილი გული აქვს, შეუძლია ბედნიერება, სიხარული და წარმატება დაგვაბედოს. ამიტომაც 2024 წელს, მეკვლედ ჩემს პირველკლასელებს ვისურვებდი“, - აღნიშნავს დირექტორი.
ელგა თეთვაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის დირექტორი კი გვიყვება, რომ თუ მეკვლეს კეთილი გული აქვს, ის აუცილებლად იღბლიანი იქნება ჩვენთვის:
„2024 წელს ჩემს მეკვლედ ვისურვებდი კარგი გულის ადამიანს, რადგან მჯერა, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, მეკვლის ტრადიცია ძალიან მომწონს და მჯერა, რომ ამ დღეს შეიძლება ბევრი კარგი რამ დაგებედოს, თუ, რა თქმა უნდა, ამის გულით გჯერა“, - აღნიშნავს ქალბატონი ელგა.
ნანა მიქავასთვის, რომელიც წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის დირექტორია, მნიშვნელოვანია მეკვლემ ოჯახში ხალისით შემოაბიჯოს:
„მჯერა, რომ თუ მეკვლე კეთილი გულითა და ხალისით შემოაბიჯებს ოჯახში, ეს წელი მისი თითოეული წევრისთვის წარმატებული იქნება. 2024 წელს მეკვლედ ჩემს მოსწავლეებს ვისურვებდი - მათ, ვისთვისაც მთელ ენერგიას ვხარჯავთ, რომ ისინი ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ.
ვისურვებდი, 2024 წელი ყველასთვის წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი ყოფილიყოს. ბედნიერი წელი ჰქონოდეთ ჩვენს აღსაზრდელებს, სრულიად საქართველოს და მშვიდობიან სამყაროში გვეცხოვროს“, - გვიყვება დირექტორი.
თეონა ურიადმყოფელი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის დირექტორი კი აღნიშნავს, რომ მეკვლეობა ახალი წლის განუყოფელი ნაწილია:
„მეკვლეობა, ძველი ქართული ტრადიციაა და ძალიან უხდება ახალ წელს - სხვა განწყობა შემოაქვს, ახალი მოლოდინები გვესახება. ერთი კონკრეტული ადამიანი არ მყავს არჩეული მეკვლედ, თუმცა მინდა, რომ ამ წელს მთლიანად საქართველოს დაებედოს სიხარული, ბედნიერება, ხვავი და ბარაქა“, - აღნიშნავს ქალბატონო თეონა.
„ეტალონიც“, ჩვენს თანამოაზრე სკოლის დირექტორებთან ერთად, გისურვებთ, მეკვლეს ყველაფერი საუკეთესო შემოეტანოს თქვენს ოჯახებში და 2024 წელი ფეხბედნიერი ყოფილიყოს მთელი საქართველოსთვის!