15 იანვარს საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები სრულდება და მოსწავლეები სასწავლო პროცესს დაუბრუნდებიან; თუმცა საინტერესოა, მასწავლებლებიც 15 იანვარს უნდა დაბრუნდნენ სამსახურში, თუ მათ შემთხვევაში განსხვავებული ვადები მოქმედებს? - აღნიშნული კითხვით არაერთმა პედაგოგმა მოგვმართა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
ოფიციალურ სტრუქტურაში გვიპასუხეს, რომ 15 იანვარს სრულდება ზამთრის არდადეგები და ეს ვადა ეხებათ მოსწავლეებს.
„15 იანვარს სრულდება არადადეგები; არდადეგები კი მოსწავლეებისთვისაა და არა პედაგოგებისთვის. როდის უნდა დაბრუნდნენ ისინი სამსახურში? - ამ საკითხის გარკვევა მათ სკოლის დირექტორთან შეეძლებათ; სწორედ ხელმძღვანელი წყვეტს, როდის უნდა დაუბრუნდნენ თანამშრომლები სამუშაო ადგილს“, - განმარტეს სამინისტროში.