სკოლებში, საახალწლო არდადეგები დასასრულს უახლოვდება, თუმცა მოსწავლეებში ჯერ კიდევ სადღესასწაულო ვნებათაღელვაა. არდადეგების შემდეგ, სასკოლო რეჟიმში დაბრუნება საკმაოდ რთულია და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალი სემესტრის, სწორად დაგეგმილი პირველი გაკვეთილი.
როგორ დაგეგმოთ გაკვეთილი და როგორ დაუბრუნოთ მოსწავლეები სასკოლო რეჟიმს? - ამისთვის რამდენიმე ინიციატივას შემოგთავაზებთ.
თუ სასწავლო წლის ბოლო გაკვეთილი სემესტრის შეჯამებას დაუთმეთ, მაშინ პირველი გაკვეთილი, ახალ მიზნებსა და მისწრაფებებს უნდა მოარგოთ, ანუ განსაზღვრეთ სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმა
მოსწავლეებთან ერთად განსაზღვრეთ, პროგრამით გათვალისწინებული რა საკითხები გაქვთ გასავლელი და რა აქტივობები უნდა ჩაატაროთ სემესტრის დასრულებამდე. როცა მიზნები გაწერილია და გეგმა შედგენილია, მოსწავლეებს თავიდანვე უჩნდებათ მოტივაცია და თავიან შესაძლებლობებს უკეთ განსაზღვრავენ.
ჩემი მიზნები ამ სემესტრში
მოსწავლეებს სთხოვეთ, რომ ჩამოაყალიბონ მიზნები, თუ რისი მიღწევა უნდათ ამ სემესტრში, გაიხსენონ ის რთული საკითხები, რომლებიც პირველ სემესტრში სათანადოდ ვერ დაამუშავეს და ყველაზე მეტად გაუჭირდათ, მიზნად კი, მათი განმტკიცება დაისახონ. „ჩემი მიზნები ამ სემესტრში“ - იქნება მოსწავლეებისთვის კონკრეტულ დროში გაწერილი მიზნების დღიური, რომელშიც ყველაფერ იმას შეიტანენ, რის გაკეთებასაც ისურვებდნენ და რა შედეგზე გასვლასაც ინატრებდნენ.
მასწავლებლის მიზნები ამ სემესტრში
მიზნების დასახვა არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მასწავლებლებისთვისაც. ცხადია, პედაგოგებს მუდმივად უწევთ დოკუმენტაციის წარმოება, სადაც კარგად არის განსაზღვრული მიზნები, თუმცა ამ შემთხვევაში, ვგულისხმობთ, სამოტივაციო დღიურს, რომ პედაგოგებს ჰქონდეთ მოკლევადიანი მიზნები იმისთვის, რომ თითოეული გაკვეთილი წარმართონ ისე, როგორც ჩანაფიქრში ჰქონდათ, თუნდაც ეს ეხებოდეს, მხოლოდ მოსწავლეებში განწყობის ამაღლებას, მათთან ემოციური კავშირის დამყარებას, ან იმას, რომ დღის ბოლოს, მოსწავლეებისთვის თქვენი გაკვეთილი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს.