გარდაცვლილია 6 წლის მოსწავლე, რომელსაც ცხელება და ხველა აღენიშნებოდა - გოგონა გალიდან ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი ბათუმის ჰოსპიტალში მკურნალობდა
11-01-2024

6 წლის გოგონა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი ბათუმის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, გარდაიცვალა; მიზეზი სავარაუდოდ, ვირუსი გახდა, თუმცა დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს.

ექიმების თქმით, ბავშვს პოლიორგანული უკმარისობა აღენიშნებოდა, გამოხატული იყო სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა.

„ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შემოყვანილ იქნა თვითდინებით 6 წლის ბავშვი მშობლების მიერ, რომელსაც ჰქონდა ცხელების, სუნთქვის გაძნელების და ხველების რამდენიმედღიანი ანამნეზი. ბავშვი შემოყვანისას მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობის მომენტები, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, შესაბამისი პირველადი დახმარების შემდეგ ბავშვი გადაიგზავნა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მიერ სპეციალიზებულ კლინიკაში - ბათუმის დედათა და ბავშვთა სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში", - ამბობს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი.

„სოფელ მზიურის საშუალო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება მოსამზადებელი კლასის მოსწავლის ლიზი ქვაჩახიას გარდაცვალების გამო.

კოლექტივი შეძრულია მომხდარი ფაქტით, სიტყვები უძლურია ტკივილის გამოსახატავად. ამ ანგელოზს წინ ჰქონდა მთელი ცხოვრება. ნათელი მის ხსოვნას",- წერენ პედაგოგები.

გოგონას ცხედარი უკვე გადაასვენეს ოკუპირებულ გალში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203