„ყველაზე მეტად მენატრება კალანდობის სიხარული, რომელიც უწინ გვქონდა...“ - ნამდვილი გურილი ქალბატონის ნაამბობი კალანდაზე 
14-01-2024

კალანდა - ძველით ახალი წელი, რომელიც 14 იანვარს აღინიშნება გურიაში. მართალია, გურულები სწრაფები არიან, თუმცა ახალი წლის აღნიშვნას ჯერ დანარჩენ საქართველოს აცდიან და შემდეგ, 13 იანვრის საღამოს, რიტუალით, ჩვეული ენაკვიმატობითა და მაკვარანცხობით ზეიმობენ. 

კალანდა გურულებისთვის დიდი დღესასწაული, ნამდვილი ახალი წელია, შესაბამისად, ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით აღნიშნავდნენ. კალანდას ტრადიციამ ჟამთასვლას გაუძლო და დღესაც, ეს სიტყვა ოდა სახლში მოფუსფუსე „თავწაკონილ“ ბებოსთან, „ხონჩითხელდამშვენებულ, ყაბალახიან ოჯახის უფროსთან და გურულებისთვის ჩვეულ მოლხენასთან ასოცირდება. 

საინტერესოა, როგორ აღინიშნებოდა კალანდა ადრე და შემორჩა თუ არა ტრადიცია თანამედროვე ცხოვრებაში? - ამ თემაზე, Etaloni.ge-ის ძირძველი გურული ქალბატონი მზია გორგოშიძე ესაუბრა. 

„უწინ, კალანდობისას განსაკუთრებით ვემზადებოდით. 13 იანვრის დილას, როგორც გურულები ვიტყოდით „იალონზე“, ოჯახის უფროსი კაცი წავიდოდა ტყეში, მოჭრიდა ცხემლის შეშას, მოიტანდა და დაანთებდა ცეცხლს. მერე დაიკლებოდა ღორი, ღორის თავი კალანდობის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. ღორის თავს დიდი ხის გობზე მოათავსებდნენ, ტკბილეულით, ჩურჩხელებით და ხილით გააფორმებდნენ და ღამის 12 საათს ელოდებოდნენ, ამ დროს კი, ოჯახის უფროსი „ხონჩათი“ ხელში დააკაკუნებდა კარზე და იტყოდა: „მევედი და მომაქვს სიხარული, სიტკბოება, გამრავლება ....“, ჩამოთვლიდა კიდევ ბევრ სიკეთეს, გააღებდა კარს, შემოიტანდა დოვლათს, დალოცავდა ყველას და მერე მიდიოდა ქეიფი და დროსტარება“, - გვიყვება რესპონდენტი. 

ჩვენთან საუბრისას ის თავის ბავშვობას იხსენებს, დღევანდელობას ადარებს და აღნიშნავს, რომ გურიაში კალანდის ტრადიცია არ დაკარგულა, თუმცა, ისეთივე ხალისი და რიტუალურობა აღარ ახასიათებს. 

„ძველებისგან ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ეს ტრადიცია. დედა ცოცხალი, რომ მყავდა, ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ კალანდობა ჩვენი წინაპრების სახსოვარია და დავიწყებას არ უნდა მისცემოდა. ჩემები არასდროს დაკლავდნენ ღორს პირველი იანვრისთვის, ჩვენთვის ნამდვილი ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგებოდა. ჩვენც ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ ტრადიცია, მაგრამ ისეთი აღარ გამოდის, როგორც ადრე იყო. ყველაზე მეტად მენატრება ის სითბო და კალანდობის მოახლოებისგან გამოწვეული სიხარული, რომელიც უწინ გვქონდა ხოლმე... ძველ კალანდას, ჩვენს კალანდას, მაინც მისი ხალისი და შნო ჰქონდა“. 

ბოლოს კი, ჩვენი რესპოდენტი გურიაზეც გვიყვება, საქართველოს იმ კუთხეზე, სადაც ყოველთვის ტკბილი „ნენათი“ დაგხვდებათ გურული ქალი, სადაც ენამახვილობითა და სხარტი იუმორით გაგაოცებთ მასპინძლები და სადაც ერთი ჩასვლაც კი საკმარისი იქნება დიდი სითბოსა და სიყვარულის მიღებისთვის. 

„გურულები ძალიან თბილი ხალხი ვართ, ერთმანეთისთვის თავდადებულები და საოცრად სტუმართმოყვარეები. გურიაში განსაკუთრებული „მობრძანდით“ ვიცით, სტუმრის განსაკუთრებული პატივისცემა. გურულებმა მარტო კარგი მასპინძლობა კი არა, სტუმრის გაცილებაც, გზის დალოცვაც ისეთი ვიცით, დუნიას, რომ გადავრევთ“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203