2023 წელს სტატუსი 88 მოსწავლეს შეუწყდა - მანდატურის სამსახური ინფორმაციას აქვეყნებს
16-01-2024
2023 წელს მოსწავლის სტატუსის შეჩერების მიმართულებით, სოციალურმა მუშაკებმა რეაგირება მოახდინეს 306 შემთხვევაზე; როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წლიურ ანგარიშში წერია სტატუსის შეჩერების რისკი 134 შემთხვევაში აღმოიფხვრა.
„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკები, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N04/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, აქტიურად განაგრძობდნენ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მომართვის საფუძველზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის: მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად დასახული ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დადგენას და/ან მიღწეული შედეგების მდგრადობის შეფასებას; მოსწავლის ოჯახში ვიზიტს; ვიზიტის თაობაზე ანგარიშის მომზადებას; სამოქმედო გეგმის შედგენასა და შემაჯამებელი დასკვნის მომზადებას.
მოსწავლის სტატუსის შეჩერების მიმართულებით, 2023 წლის განმავლობაში, სოციალურმა მუშაკებმა, თბილისსა და რეგიონებში, რეაგირება მოახდინეს 306 მომართვაზე. აქედან, მოსწავლის სტატუსის შეჩერების რისკი აღმოიფხვრა 134 შემთხვევაში, ხოლო მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა 88 შემთხვევაში. სტატუსის მიუხედავად, 84 შემთხვევაზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის, სტატუსის აღდგენის მიზნით. შესწავლილი შემთხვევებიდან, 53 შემთხვევაში - დამატებით ჩაერთო სხვა შესაბამისი უწყება/მომსახურება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.