მეთოდიკური რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის - ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა
24-01-2024

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონდე მოსწავლეებისთვის ალტერნატიული სასწავლო გეგმის შედგენასაც ითვალისწინებს; სწორედ სტანდარტის საფუძველზე იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და დოკუმენტის თანახმად, მისი განვითარების პროცესში საჭიროა შემდეგი მეთოდიკური რეკომენდაციების გათვალისწინება:

1-ელი ესაა ფენომენზე დაფუძნებული სწავლება - სტანდარტი გულისხმობს ფენომენის შესწავლაზე დაფუძნებულ ტრანსდისციპლინურ სწავლებას, როდესაც მოვლენა, ობიექტი და სხვა ერთეული თავად ხდება შემეცნების ცენტრი/ათვლის წერტილი სხვადასხვა საგნობრივი რაკურსიდან.

გამომდინარე აქედან ალტერნატიული სასწავლო გეგმა ცენტრალიზებულად არ განსაზღვრავს სამიზნე ცოდნას კონკრეტული საგნების მიხედვით. სასწავლო პროცესში შესასწავლი ფენომენები უნდა შეირჩეს იმის გათვალისწინებით, თუ რა თემები და საკითხები ისწავლება შესაბამის წელს სასკოლო კურიკულუმის მიხედვით სხვადასხვა საგანში.

მეორე მეთოდიკური რეკომენდაცია გახლავთ პროტოტიპის შექმნა - სასწავლო პროცესში ყველა საკითხი უნდა დამუშავდეს, როგორც სამიზნე ცნება. მონათესავე ბუნების ცნებები უნდა გამოიყენებოდეს შესასწავლი ფენომენი განზოგადებული ვერსიის, პროტოტიპის შესაქმნელად.

მრავალჯერადი რეპრეზენტაცია - სასწავლო პროცესში საჭიროა ერთი და იმავე ინფორმაციის მრავალჯერ და განსხვავებულად (ვერბალური, აბსტრაქტული, კონკრეტული, სიმბოლური, გრაფიკული) რეპრეზენტაცია.

შემდეგი პუნქტია თვალსაჩინოებების გამოყენება - განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვალსაჩინოების გამოყენებას. თვალსაჩინოების, როგორც შთაბეჭდილების წყაროს, როლი შეიძლება შეასრულოს უშუალო გარემომ (მაგ., საკლასო ოთახი, სკოლა, ეზო, ქუჩა, სახლი, ადამიანები, მოვლენები, ტრანსპორტი, ცხოველები და სხვ.). მულტისენსორული მიდგომა - უმძიმესი და მრავლობითი გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლისთვის განკუთვნილ კურიკულუმში აქტივობა წარმოდგენილ უნდა იქნას სენსორული შეგრძნებების ჭრილში (მაგ., თუკი გაკვეთილის დროს შერჩეული აქტივობა არის ხატვა, მასწავლებელმა უნდა მიანიჭოს უპირატესობა თითებით ხატვას სხვადასხვა კონსისტენციისა და ტემპერატურის მქონე საღებავით, რათა მოსწავლემ მიიღოს რაც შეიძლება მეტი ტაქტილური და ვიზუალური ინფორმაცია).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203