მართალია, სასწავლო დაწესებულებიდან გამომდინარე სტუდენტების IQ-ს დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ, მეცნიერების აზრით, შედეგი ინტელექტის ტესტის საშუალო ქულების რეალურ შემცირებას აჩვენებს. მიზეზს კვლევის ავტორები შემდეგნაირად ხსნიან - მათი თქმით, 1930-იან წლებში მოსახლეობის მხოლოდ რამდენიმე პროცენტი სწავლობდა კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში. ქვეყნების უმეტესობაში, უმაღლეს განათლებას ან ელიტარული ოჯახების შვილები იღებდნენ ან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უნივერსიტეტებში საშუალო სკოლების კურსდამთავრებულთა თითქმის უმრავლესობა აბარებს. სასწავლო დაწესებულებების რაოდენობაც გაიზარდა, ამასთან, ყველა მათგანს მკაცრი შესარჩევი კონკურსი ნამდვილად არ აქვს.
მკვლევარები თვლიან, რომ მათი ნაშრომი პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელია. ის აჩვენებს, რომ სტუდენტები აღარ შეიძლება ჩაითვალონ თავიანთი თაობის ყველაზე ჭკვიან წარმომადგენლებად. რაც ნიშნავს, რომ კურიკულუმები და საგანმანათლებლო პროგრამები უნდა გადაიხედოს. გარდა ამისა, დამსაქმებლებს ეძლევეთ მტკიცებულება, რომ უმაღლესი განათლების მიღება სულაც არ არის დაკავშირებული ინტელექტის მაღალ დონესთან.
აქვე დავძენთ, რომ ვექსლერის IQ ტესტი - ინტელექტის 100%-ით ზუსტი შემფასებელი არ არის. ინსტრუმენტი პროფესიონალების სამართლიან კრიტიკას ექვემდებარება. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ის მოძველდა. თუმცა, დღესდღეისობით, არ არსებობს არც ერთი თანამედროვე და მოქმედი ტესტი, რომელიც ინტელექტის კომპლექსური გაზომვის საშუალებას მოგვცემდა.