ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს 
24-01-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს, არამედ ჰუმანურობას, ემპათიასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

წინასაახალწლოდ, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, მასწავლებლის - ნატო ენუქიძის ხელმძღვანელობით, საქველმოქმედო პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. 

პროექტის მიზანი იყო სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან,  პროექტი მოსწავლეებს მოხალისეობის მნიშვნელობის გააზრებაში დაეხმარა.

სკოლის მოსწავლეები ქუთაისში ბენეფიციართა დღის ცენტრ „ვალენტინს“ ნობათითა და საჩუქრებით ხელდამშვენებულნი ესტუმრნენ. ბავშვებმა შეიძინეს სხვადასხვა სახის პროდუქტი და სხვა საახალწლო საჩუქრებთან ერთად თავიანთი ხელნაკეთი მძივები აჩუქეს „ვალენტინში“ მცხოვრებ ბენეფიციარებს.

ცენტრში მცხოვრებ ორ იუბილარს ბავშვებმა ტორტიც მიართვეს. ბავშვებმა ბენეფიციარებს დღე გაულამაზეს და სასიამოვნო განწყობა და ემოციები აჩუქეს. 

„მათი გაბრწყინებული თვალები მადლიერებითა და სიკეთით იყო სავსე“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ბენეფიციარებმა მოსწავლე- მასწავლებლები ნახატებითა და ბისერებისგან დამზადებული სიყვარულის ხით დაასაჩუქრეს. . 

„მადლობა, მოსწავლეებს ასეთი სიყვარულისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203