მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სამინისტრო საჯარო სკოლებში თებერვლიდან ახალ პროექტს იწყებს
24-01-2024
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2024 წლიდან იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას სახელწოდებით - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“, რომლის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა.
2023 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 283 საპროექტო განაცხადი. საკონკურსო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი განაცხადები, რის შედეგად შერჩეული იქნა 60 პროექტი, რომელთა განხორციელება დაიწყება 2024 წლის თებერვლიდან და გაგრძელდება ივნისის ჩათვლით.
„პროექტი ჩემს გაკვეთილზე" განაცხადების შეფასებისას კომისიის მიერ შეფასდა განსაზღვრული კრიტერიუმებით, მათ შორის: მკაფიოდ გაწერილი მიზანი; განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი; შედეგი; პროექტის აქტივობის შეფასების რუბრიკა; დიფერენცირებულად სწავლების, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირების გეგმა; ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიზნებთან პროექტით გათვალისწინებული აქტივობების კავშირი.
„პროექტი ჩემს გაკვეთილზე" კონკურსი ორ ეტაპად ცხადდება. მეორე ეტაპზე საპროექტო განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. პროექტის განხორციელების ვადად განისაზღვრება 2024-2025 სასწავლო წელი.