როგორ დაახასიათეს მოსწავლეებმა ფავორიტი მასწავლებლები - რას აფასებენ ყველაზე მეტად პედაგოგში?
ზოგიერთი მასწავლებელი მოსწავლეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ეს ყოველთვის ასე იყო და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, წლებთან ერთად, არ იცვლება. ემოციების კონტროლი რთულია, მათ უმეტეს ბავშვებისთვის, თანაც მათ უფლება აქვთ, კონკრეტული პედაგოგი სხვებზე მეტად უყვარდეთ და ფავორიტად აქციონ. მოსწავლეებს რომ თავი შეაყვაროს, მასწავლებლების ნაწილს რთული გზის გავლა უწევს, ნაწილი კი კეთილგანწყობას პირველივე შეხვედრიდან იმსახურებს. ისინი საყვარელ პედაგოგებზე გასაკუთრებული სითბოთი ლაპარაკობენ. და მაინც, კონკრეტულად რას ეძებენ მოსწავლეები მასწავლებლებში? უცხოეთში ჩატარდა გამოკითხვა - მოსწავლეებმა ფავორიტი მასწავლებლები
დაახასიათეს. ჩვენ მასალას სწორედ ამაზე დაყრდნობით გთავაზობთ.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ 1000-მდე მოსწავლე გამოიკითხა. მკითხველი მათი ზოგიერთი პასუხის წაკითხვამ შესაძლოა გააოცოს კიდეც. საერთო ჯამში კი, რამდენიმე ასპექტი გამოიკვეთა, რის გამოც მოსწავლეებს მასწავლებლები უყვართ.
რა არის მოსწავლეების პატივისცემის მოსაპოვებლად საუკეთესო გზა?! აუხსენით მათ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია. უთხარით, განათლების სფეროში იმიტომ ხართ, რომ ეს თქვენი მოწოდებაა და არა იმიტომ, რომ მაღალი ხელფასი გაქვთ - აუცილებელია გულწრფელები იყოთ. ასეთი მასწავლებლების რიცხვი ნამდვილად მაღალია. ერთ-ერთმა გამოკითხულმა კი საყვარელი პედაგოგი ზუსტად ასე დაახასიათა: „ის ფულის გამო არაა მოტივირებული, ის იმიტომ ასწავლის, რომ ეს უყვარს“.
„ის ქიმიაში ყოველთვის მეხმარება, როცა ეს მჭირდება და ზოგჯერ მიკროტალღური ღუმელის გამოყენების საშუალებას გვაძლევს“,- ასე აღწერა საყვარელი მასწავლებელი კალიფორნიის შტატის ერთ-ერთმა მოსწავლემ.
„მას კლასში იუმორი შემოაქვს და თუ მისი ხუმროებები არ მოგწონთ, შეგიძლიათ ამაზე ესაუბროთ და მიდგომას შეცვლის“,- ამბობს მოსწავლე, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, გადამწყვეტი მასწავლებლის კეთილგანწყობა, მიდგომა და გაკვეთილის ხალისიანად წარმართვაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პედაგოგი საკუთარ კლასს იცნობს და ანგარიშს უწევს.
მოსწავლეებს განსაკუთრებულად ის მასწავლებლები უყვართ, ვისაც პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აქვთ, არ გეგონოთ, რომ ისინი ამას ვერ ამჩნევენ. მაგალითად, ერთ-ერთმა მოსწავლემ თქვა: „მასწავლებელს სახლში პატარა ქალიშვილი ჰყავს და ყოველ კვირას, ჩვენთვის, მაინც შესანიშნავ ვიდეო გაკვეთილებს ატარებს“. ასე, რომ ახალგაზრდებს არც ერთი დეტალი არ გამორჩებათ ხოლმე.
„ჩემს მასწავლებელს საშინაო დავალება არ აინტერესებს“ (მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ფიქრობთ!) - ამ სიტყვების ავტორის თქმით, მასწავლებელს მათი ყოველთვის ესმის, ეკითხება შეასრულეს თუ არა დავალება. თუ სამუშაო არ დაუწერიათ, მაშინ მიზეზს გამოჰკთხავს, მოსწავლეებთან დამოკიდებულებას კი არ ცვლის და ამის გამო არ ითვალწუნებს. მოსწავლის თქმით, ის ნამდვილი დამხმარეა, ვინც ყველაფერს კარგად უხსნის.
„ყოველ დღე ერთმანეთზე უკეთესი გაკვეთილები გვიტარდებოდა“,- აღნიშნავს ერთ-ერთი გამოკითხული და დასძენს, რომ მათ მასწავლებელი ცხოვრებისეულ გაკვეთილებს უტარებდა. ეს კი მოსწავლეებისთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა.
და მაინც, გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ყველაზე მეტად იმ მასწავლებლებს აფასებენ, ვისაც მათი გაგება და მხარდაჭერა შეუძლიათ. ამაზე ნათლად მეტყველებს ის წინადადებებიც, რითაც მათ მათთვის გამორჩეული მასწავლებლები დაახასიათეს:
- „ის ყოველთვის თავისი მოსწავლეების გვერდითაა“;
- „როდესაც პროგრამას ჩამოვრჩები, ყოველთვის მეხმარება“;
- „ყოველთვის მზადაა ნებისმიერ კითხვას უპასუხოს“;
- „ის თავის მოსწავლეებზე ისე ზრუნავს, როგორც დედა და არა როგორც მხოლოდ მასწავლებელი. მოსწავლეებს ყველაფერს აძლევას და რწმუნდება, რომ საკითხები კარგად გაიგეს“;
- „მოსწავლეებს ამხნევებს, რომ საუკეთესო შეფასება მიიღონ“;
- „მაშინაც კი, როდესაც ცუდ ხასიათზეა, თავს უფლებას არ აძლევს, რომ ეს გაკვეთილზე გამოხატოს და ყველა მოსწავლის აღფრთოვანებას იმსახურებს“;
- „ყოველთვის გულთბილად გვესალმება“.
კიდევ უამრავი ციტატის მოყვანა შეიძლებოდა, სადაც მოსწავლეები ყუარდღებას მასწავლებლების მხრიდან მხარდაჭერაზე ამახვილებენ. უკვე გასაგებია, თუ რას აფასებენ ისინი ყველაზე მეტად. მათ პედაგოგი მხოლოდ იმის გამოც შეიძლება განსაკუთრებულად უყვარდეთ, რომ მხარს უჭერს და მათი ესმის.