ახალი ესგ-ს დადებითი და უარყოფითი ეფექტები ცნობილია
26-01-2024
კვლევაში ჩართული მასწავლებლები, ქოუჩები და მშობლები არაერთგვაროვნად აფასებენ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლების გავლენას მოსწავლეთა შედეგებზე. იმ სკოლებშიც კი, სადაც ესგ რამდენიმე წლის განმავლობაში ინერგება, ბევრია ისეთი მასწავლებელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი მიდგომებით სწავლება მოსწავლეების აკადემიურ შედეგებზე არ აისახა.
სასკოლო საზოგადოების მეორე ჯგუფი მიიჩნევს, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლებას დადებითი ეფექტი აქვს მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზეც და სწავლის მოტივაციაზეც.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის ანგარიშები, გარე აქტორებისა და დამოუკიდებელი მკვლევრების მიერ განხორციელებული კვლევები და მოცემული მოკვლევის შედეგები ესგ-ს პრინციპების მიხედვით სწავლების როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებზე მიუთითებს.
დადებით ეფექტებს შორის სახელდება:
• მოსწავლის მიერ სწავლის მიზნის უკეთ დანახვა; • მოსწავლეთა თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ზრდა; • ზოგადი უნარების (პრეზენტაცის, დაგეგმვის, კომუნიკაციის, ინფორმაციასთან მუშაობის უნარები) განვითარება; • მეტაკოგნიტური სტრატეგიების განვითარება მოსწავლეებში; • დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების მოტივაციის ზრდა სწავლისთვის; • ურთიერთობების გაუმჯობესება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის; • მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის პრაქტიკის განვითარება; • მოსწავლეების ჩართულობის ზრდა სასკოლო ცხოვრებაში.
უარყოფით ეფექტებს შორის სახელდება:
• მოსწავლეთა მაღალი დატვირთვა, გადაღლა; • დემოტივაცია სწავლისთვის (მოსწავლეებს ბეზრდებათ ერთგვაროვანი კომპლექსური დავალებების შესრულება); • მოსწავლეების უკმაყოფილება, რომ ისინი სათანადოდ ვერ ემზადებიან ეროვნული გამოცდისათვის; • ზედაპირული დამოკიდებულება სწავლისადმი.