მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი სიახლე იყო სწავლების ახალი ერთეულის შემოღება, რომელიც საფეხურის შედეგების მიღწევისთვის მნიშვნელოვანი შუალედური მიზნების / ნაბიჯების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის.
ამგვარი შუალედური ერთეულის ფუნქციას მესამე თაობის სასწავლო გეგმაში ე. წ. კომპლექსური დავალება ასრულებს. შუალედური ერთეულის ხანგრძლივობა (გაკვეთილისგან განსხვავებით) ფიქსირებული არ არის და მასწავლებლის მიერ განისაზღვრება. იგი შეიძლება რამდენიმე გაკვეთილს აერთიანებდეს.
თითოეული კომპლექსური დავალება გულისხმობს გარკვეული პროდუქტის შექმნას, რომლითაც მოსწავლე შეძლებს სწავლის შედეგების დემონსტრირებას გარკვეულ საკითხთან მიმართებაში (თვალსაჩინოება, პრეზენტაცია, დებატები, მოდელი და ა. შ). ვინაიდან საკითხი თემის შემადგენელი ელემენტია, ხოლო თემა - სამიზნე ცნების გააზრების კონტექსტი, თითოეული კომპლექსური დავალება ფუნქციურად დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ცნებასთან. საფეხურის შედეგები თითოეულ საგანში რამდენიმე კომპლექსურ დავალებაზე თანმიმდევრული მუშაობით მიიღწევა – კომპლექსური დავალებების გამოყენებით ხდება სხვადასხვა საკითხის / თემის ფარგლებში ცნებების გააზრებასა და კომპეტენციების განვითარებაზე მუშაობა. შესაბამისად, თითოეული კომპლექსური დავალების შესრულება, ერთგვარად, საფეხურის მიზნების მიღწევის ეტაპს - შუალედურ მიზანს წარმოადგენს.
სასწავლო შედეგების მიღწევისთვის საფეხურის ან წლის განმავლობაში საჭირო კომპლექსური დავალებების რაოდენობა და სპეციფიკა განსაზღვრული არ არის. ერთადერთ შეზღუდვას სკოლებისთვის წარმოადგენს სავალდებულო თემები ან (ცალკეული საგნის შემთხვევაში) თემატური ბლოკები, რომელთა კონტექსტშიც უნდა დაიგეგმოს კომპლექსური დავალებები;
ასევე, კომპლექსური დავალება უნდა დაუკავშირდეს ერთ ან რამდენიმე ცნებას. კომპლექსური ბუნების დავალებებზე დაფუძნებით შუალედური მიზნის ჩამოყალიბება ყველა სკოლისთვის სავალდებულოა.