ადამიანის უფლებათა ცენტრის წლიური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2023 წელს საქართველოში თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ ზოგიერთ ჯგუფთან მიმართებით შეინიშნებოდა გარკვეული პროგრესი, მაგრამ ზოგადი ფონი კვლავ კრიტიკულად რჩება.
რაც შეეხება ბავშვთა უფლებებს, დოკუმენტის თანახმად, ბავშვთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა ხშირად სწორედ ოჯახში ან სკოლაში ხორციელდება.
„მდგომარეობას ამძაფრებს ქვეყანაში არსებული სოციალურ ეკონომიკური ვითარება, ასევე, ძალადობის შედეგად განვითარებულ არასრულწლოვანთა პოსტტრავმული სტრესისადმი საზოგადოების მოუმზადებლობა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წარმოებული არასრულწლოვანთა საქმეების ანალიზისას გამოვლინდა მართლმსაჯულების პრობლემური საკითხებიც, მაგალითად, არასრულწლოვან მოწმეთა გამოკითხვისთვის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო გარემოს შერჩევისა თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების მექანიზმების ნაკლებ პრიორიტეტულად გამოყენებასთან მიმართებაში“,- აღნიშნულია ანგარიშში.