„მოსწავლეებს, უფლებებთან ერთად, მოვალეობებიც უნდა გავააზრებინოთ...“ - დირექტორები მოზარდების ცხოვრებაში სკოლის როლზე საუბრობენ
01-02-2024

სკოლა არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, არამედ ის ბავშვს ცხოვრებისთვის ამზადებს და საჭირო უნარებს სძენს. მოსწავლეები დროის უმეტეს ნაწილს სწორედ სკოლაში ატარებენ, სადაც იღებენ უამრავ ინფორმაციასა და იძენენ საჭირო გამოცდილებას, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. სწორედ ამიტომ, სკოლა ბავშვებისთვის უნდა იყოს ადგილი, სადაც მისვლა კი არ დაეზარებათ, არამედ დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით გაეშურებიან. ასევე აღსანიშნავია მისი როლი მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებაში - სასკოლო გარემო ბავშვს ეხმარება პიროვნებად ჩამოყალიბებასა და  საზოგადოებასთან ურთიერთობაში. თუმცა, საინტერესოა კიდევ რა საჭირო უნარებს უვითარებს ის მოსწავლეებს და რა როლი აქვს მათ ცხოვრებაში - აღნიშნულ საკითხზე etaloni-ge-ს საჯარო სკოლის დირექტორები ესაუბრებიან.

დოდო ჩახუნაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლას უდიდესი მისია ეკისრება მოსწავლეთა განვითარებისა და ფორმირების პროცესში. სკოლა არის მეორე ოჯახი, სადაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს. პოზიტიური სასწავლო გარემო, მასწავლებლის როლი, მეგობრებთან ურთიერთობა, მოსწავლეებს გამოუმუშავებს კომუნიკაციის, თანამშრომლობის, გუნდურობის უნარ-ჩვევებს. მასწავლებელს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სწავლა-აღზრდის პროცესში, პედაგოგს შეუძლია შეცვალოს მოსწავლის სულიერი სამყარო, დაანახოს მათ თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით, რომ მარტო ცოდნა და განათლების მიღება მას ვერ ჩამოაყალიბებს სწორ პიროვნებად. ამისათვის აუცილებელია მოსწავლის სულიერი განვითარება. თანამედროვე 21-ე საუკუნის ბავშვებს კარგად აქვთ გაცნობიერებული თავიანთი უფლებები, თუმცა, მათ უფლებებთან ერთად, აუცილებელია, გავააზრებინოთ მოვალეობები, უფროსებისადმი პატივისცემა, ეთიკური ნორმების დაცვა, მეგობრული ატმოსფეროს შექმნა-შენარჩუნება, ერთმანეთის დაცვა და გაფრთხილება.

ნუნუ კოპალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი:

გარდა იმისა, რომ სკოლა ბავშვებს განათლებას აძლევს, ის მათ ასევე ბევრ სხვა საჭირო უნარს უვითარებს. მხოლოდ განათლება საკმარისი არაა, ამიტომ სკოლამ იტვირთა აღმზრდელობითი ფუნქცია. ამისთვის, სამწუხაროდ, დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე მშობლებს აღარ სცალიათ, ამიტომ ეს როლი სკოლამ შეითავსა. ასევე, გარდა იმისა, რომ ბავშვებმა სკოლაში, სხვადასხვა საგანი უნდა შეისწავლონ, ამავდროულად საჭირო უნარები უნდა შეიძინონ, რომელთა გარეშეც 21-ე საუკუნეში ცხოვრება რთულია. შეიძლება კარგი განათლება მისცე ბავშვს, მაგრამ ცხოვრებისეული უნარები თუ არ შესძინე ამას აზრი არ აქვს. ამაში იგულისხმება შემგუებლობა, ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვა, დამოუკიდებლობა, დაგეგმვის უნარები, საკუთარი თავის შეცნობა - ინტერესების გამოკვეთა, სად იქნებიან წარმატებულები და ა.შ. აუცილებელია ასევე ისიც, რომ ბავშვს ვასწავლოთ, რა მნიშვნელობა აქვს განათლებას და დავეხმაროთ იმის გააზრებაში, თუ რისთვის სწავლობენ, რაში გამოიყენებენ ამ ცოდნას, ანუ უნდა ვასწავლოთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამის გარეშე თეორიულ განათლებას აზრი ეკარგება. სამწუხარო რეალობაა, რომ ბავშვები სკოლას, შემდგომ უნივერსიტეტს ამთავრებენ და მაინც ვერ ახერხებენ რეალიზებას - საკუთარ ადგილს ვერსად პოულობენ. სწორედ ამიტომ, უნდა ვასწავლოთ შესაძლებლობების სწორად შეფასება. ბავშვს უნდა დავეხმაროთ, რომ მის შესაძლებლობებს სწორი მიმართულება მისცეს, ეს კი მომავალში საკუთარი თავის რეალიზებაში აუცილებლად შეუწყობს ხელს. 

მერაბ ხურციძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლის დირექტორი:

ბავშვი თითქმის ყველაფერს სკოლაში სწავლობს - თუ როგორ იქცეს საზოგადოებისთვის საჭირო ადამიანად და ჩამოყალიბდეს პიროვნებად. სკოლის დანიშნულება სწორედ ესაა, ბავშვს საზოგადოებაში ინტეგრაცია გაუმარტივოს. ის ასევე მოსწავლეებს დამოუკიდებლობას,  საკუთარი აზრის გამოხატვასა და სხივი მოსაზრებების პატივისცემას ასწავლის. სკოლაში, ისინი ყველაფერს სწავლობენ, რაც ადამიანებთან ურთიერთობისთვისაა საჭირო.

ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

განათლების მიღების გარდა, ბავშვი, სკოლაში, საჭირო უნარ-ჩვევებს იძენს, სწავლობს ადამიანებთან ურთიერთობას. ამ ყოველივეზე ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლა აქტიურად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პროექტებში ჩართულობა მოსწავლეებს ბევრ საჭირო უნარს უვითარებს. ახალი სასწავლო გეგმა გათვლილია სწორედ იმაზე, რომ მოსწავლემ თეორიული ცოდნის გამოყენება შეძლოს პრაქტიკაში. ცალკე თეორიული ცოდნა და ინფორმაცია ბავშვს ვერ არგებს თუ მან ეს ცხოვრებაში არ გადმოიტანა. ჩვენ გამოვუმუშავებთ მათ ადამიანებთან ურთიერთობის უნარებს, ვზრუნავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართულობაზე პროექტებში, მათი შემოქმედებითი უნარების გამომჟღავნებაზე. პრეზენტაციები ამისთვის იდეალური საშუალებაა. როცა ბავშვის პრეზენტაციას აკეთებს, გარდა ინფორმაციისა და ცოდნის მიღებისა, ის სწავლობს როგორ წარდგეს აუდიტორიის წინაშე. მსმენელთან კომუნიკაციას სწავლობს. მოკლედ, სკოლა არის ის დაწესებულება, რომელიც გარდა თეორიული ცოდნის მიღებისა, მოსწავლეებში პრაქტიკულ უნარების გამომუშავებას უწყობს ხელს.

ვლადიმერ შენგელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს ქვეყანასა და განათლების სისტემას ბევრი ტრადიციული რამ მოსდევს, რაც ძალიან კარგია, ზოგსაც ყავლი გაუვიდა და არაა აქტუალური ამ დროში. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში მალე უფრო მეტი კონტაქტი გვექნება, ისეთი რამ უნდა გავაკეთოთ, რაც ყველაზე ღირებული და ფასეული იქნება. ქართული სიახლეები უცხოურ მიდგომებთან გავაერთიანოთ და ეს გადავცეთ მოსწავლეებს. ზოგადად ევროპულ სკოლებთან შედარებით, ჩვენთან ფსიქოლოგია განსხვავებულია. ევროპული სკოლები მათი ფსიქოლოგიით არიან წარმატებულნი. მომწონს საქმისადმი მათი დამოკიდებულება, რაც ვფიქრობ მათგან უნდა ვისწავლოთ, ყოველი წუთი გათვლილი აქვთ და იდეალურად მუშაობენ, კანონმორჩილები არიან - ეს ჩვენ ცოტა გვაკლია, საქმისადმი ასეთი მიდგომები. მნიშვნელოვანი ამის გამოსწორება, მაშინ ჩვენი სკოლები შეძლებენ ბავშვებს ყველა საჭირო უნარი განუვითარონ, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.

ლია ხაჩიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლას ძალიან დიდი როლი აქვს ბავშვის ცხოვრებაში. პირველ რიგში, გარდა განათლების მიღებისა სკოლა მათ სხვადასხვა საჭირო ცხოვრებისეულ უნარს უყალიბებს. ისინი სკოლაში სწავლობენ, ყველაზე მნიშვნელოვანს - მეგობრობას, ურთიერთობებს. ისინი ასევე სხვების აზრის გათვალისწინებასა და პატივისცემას ეჩვევიან.

არსენ შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

გარდა განათლების მიღებისა, სკოლა, პირველ რიგში, ბავშვს ასწავლის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას. ჩვენ, საკმაოდ ბევრ სპორტულ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ. თუნდაც არაფორმალური განათლების მხრივ, ადგილობრივ შეჯიბრებებში. მსგავსი სპორტული ღონისძიებები მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ასევე ასწავლის, სოციუმში როგორ დაიმკვიდრონ თავი. სკოლაში ბავშვები იძენენ მეგობრებს, სწავლობენ ხალხთან ურთიერთობებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203