პედაგოგი, რომელსაც კოლეგის სექსუალური შევიწროება ედება ბრალად, 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - რას ამბობს ბრალდებული
31-01-2024

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელსაც ბრალად კოლეგის ადევნება ედება, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა და აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა, დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა.

საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარედგინა - დეტალებს პროკურატურა ასაჯაროებს

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი დახურული იყო. ბრალდებული და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს. თავად ბრალდებული ამბობს, რომ უდანაშაულოა, ყველაფერი ცილისწამებაა და მომჩივანის მიზანი მისი სკოლიდან გაშვებაა.

„ვფიქრობ სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება. ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო“, - აღნიშნა ბრალდებულმა მედისთან საუბრისას. 

საქმეზე პროკურატურა წინასწარ პატიმრობასა და მასწავლებლის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორებას ითხოვდა. დავა გაგრძელდება, მომდევნო პროცესი 22 მარტსაა ჩანიშნული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203