იყო მასწავლებელი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, მაგრამ იყო საუკეთესო მასწავლებელი განსაკუთრებული ხვედრია. რას მოითხოვს მასწავლებლობა, რა ღირებულებების მატარებლები უნდა იყვნენ პედაგოგები და რა არის ის თვისებები, რომლებიც მათ საუკეთესო მასწავლებლებად აქცევს? - ამ თემაზე Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ.
ჩვენი რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ მასწავლებლისთვის უმთავრესი, სიყვარულის უნარია, განსაკუთრებით ბავშვების უპირობო სიყვარული, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რომ საუკეთესო მასწავლებელი გერქვას. როგორია დირექტორების თვალით დანახული საუკეთესო მასწავლებლი ? - გიზიარებთ მათ მოსაზრებებს
ნაზი თათანაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის კეხიჯვარის საჯარო სკოლის დირექტორი:
მასწავლებელს, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს თავისი საქმე და ბავშვები. ის უნდა უსმენდეს ბავშვებს, პატივს სცემდეს მათ სიტყვას. ყოველთვის უნდა ხედავდეს მათში დადებითს და დიდი სიფრთხილით დაეხმაროს უარყოფითის გადალახვაში. მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელი მათ ენდობა, დაარწმუნოს ისინი საკუთარ ძალებში და შეუქმნას მოტივაცია. მასწავლებელი უნდა იყოს ზნეობის, მეგობრობის, სიყვარულის, პატივისცემის სამართლიანობის მაგალითი.
ნაილი ცუხიშვილი, ხონის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:
საუკეთესოდ მასწავლებელს აქცევს, პირველ რიგში ბავშვის უზომო და უპირობო სიყვარული, შემდეგ მუდმივად სიახლეების ძიება, განვითარებისკენ სწრაფვა, მოსწავლეების ინდივიდუალური ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირება. იმისთვის რომ იყო საუკეთესო პედაგოგი, ასევე მნიშვნელოვანია, ზრუნვა და ემპათიის მაღალი გრძნობა.
თამარ კიკაბიძე, ხონის მუნიციპალიტეტის კუხის საჯარო სკოლის დირექტორი:
საკმაოდ რთული საკითხია... საუკეთესო მასწავლებლობა მოითხოვს, იყოს, ყველაფერში საუკეთესო, პროფესიონალი, ამომწურავად ფლობდე საგანს და რაც მთავარია, იყო ხელოვანი - ეს მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია, რომ შეეძლოს ცოდნის გადმოცემა და კარგად იცნობდეს ბავშვის ფსიქოლოგიას.
ნატო კუხიანიძე, ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დირექტორი:
პედაგოგი უნდა იყოს საგნის კარგი მცოდნე და მასზე შეყვარებული, რა თქმა უნდა, საუკეთესო მასწავლებელი უნდა იყოს პროფესიონალი და ავტორიტეტული; ბავშვის მოყვარული, თბილი, ყურადღებიანი და გამგები - ეს აუცილებელი თვისებებია იმისთვის, რომ მასწავლებლებმა მოსწავლესთან პოზიტიური და დადებითი ურთიერთობა დაამყარონ.
მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს გულითადი და არ უნდა ავლენდეს ზერელე დამოკიდებულებას ბავშვთან ურთიერთობისას. ასევე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, იყოს სამართლიანი! ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ მასწავლებელი ყველას მიმართ ობიექტურია. ის უნდა იყოს ბავშვის უფროსი მეგობარი. სასწავლო პროცესში დისციპლინის დაცვა უნდა შეეძლოს, ეს აუცილებელია, თუმცა დემოკრატიულ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვი, როცა მოდის სკოლაში, მან უნდა იცოდეს, რომ იქ მშობლიური გარემო ხვდება. საბოლოოდ, სკოლა არა მხოლოდ კარგი სასწავლო დაწესებულება უნდა იყოს, არამედ აღმზრდელობითი ორგანიზაციაც - ამას კი სწორედ საუკეთესო მასწავლებლები განაპირობებენ.
მაია მესხია, წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:
საუკეთესო მასწავლებლის მთავარი თვისებაა, ბავშვების უსაზღვრო სიყვარული. ადამიანს, რომელსაც არ უყვარს ბავშვები, სკოლაში არ უნდა შევიდეს, სიყვარულის უნარი - მასწავლებლის მთავარი თვისებაა. გარდა ამისა მნიშვნელოვანიაპედაგოგს კომუნიკაციის უნარი ჰქონდეს, იყოს პროფესიონალი და საუკეთესოდ იცოდეს თავისი საქმე.
თამარ მუმლაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
აუცილებელია მოსწავლეების დიდი სიყვარული, საგნის უმაღლეს დონეზე ცოდნა და მეგობრული დამოკიდებულება - ეს ის თვისებებია, რაც საუკეთესო მასწავლებლებს აუცილებლად უნდა გააჩნდეთ.
ნინო მამაგულიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის გრემის საჯარო სკოლის დირექტორი:
პირველი, ეს არის ეფექტური კომუნიკაცია. მასწავლებელი უნდა ფლობდეს საკუთარ საგანს და შეეძლოს ეფექტური კომუნიკაციის დამყარება საკუთარი ცოდნის გადმოცემის დროს. მეორე კი, ადამიანებთან ურთიერთობა უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას, რადგან მასწავლებლობა მოითხოვს მუდმივ კომუნიკაციას სხვებთან.
ელზა ხებრელაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ამისთვის მხოლოდ ბავშვების სიყვარული არაა საკმარისი, მასწავლებელს ყოველთვის უნდა ახსოვდეს მიზანი და თავისი საქმის დანიშნულება. აუცილებელია შრომისმოყვარეობა, მიზანმიმართულობა და თავისი საქმისა და საგნის სიყვარული. ვისაც მაღალი პასუხისმგებლობა აქვს, ის ყველაფერს საუკეთესოდ გააკეთებს.