ბაღში ბავშვის ცემის გამო პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს - „35 წლის განმავლობაში, ერთი შემთხვევა არ მქონია“
05-02-2024
თბილისის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგმა ბავშვს სცემა.
კადრებში, რომელსაც „TV პირველი“ ავრცელებს, ჩანს როგორ ურტყამს აღმზრდელი მცირეწლოვან ბავშვს. ძალადობაში მხილებულმა პედაგოგმა - მარინა ყიფიანმა განცხადება უკვე დაწერა და საბავშვო ბაღი დატოვა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბაღების სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მათ საქმის მოკვლევა ოფიციალურად დაიწყეს.
„კანონის შესაბამისად, ინფორმაცია, რეფერირების პრინციპით, გადაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე; ასევე, სამსახურიდან გათავისუფლებულია ჯგუფის აღმზრდელი; მიმდინარეობს მომხდარი ფაქტის მოკვლევა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ შემდგომი რეაგირების მიზნით“,- ნათქვამია განცხადებაში.
თავად აღმზრდელი მარინა ყიფიანი ამბობს, რომ იმ დღეს ცუდად იყო და ჩადენილს ნანობს.
„ცუდად ვიყავი, თავი მტკიოდა. ძალიან ვნანობ, ლამის თავი მოვიკლა. 35 წლის განმავლობაში, ერთი შემთხვევა არ მქონია. მეც ხომ ადამიანი ვარ“,- თქვა პედაგოგმა.