რამდენი მოსწავლე უნდა იყოს ერთ კლასში და რა შემთხვევაში დაიშვება გამონაკლისი?
24-02-2024
ხარისხიანი განათლების მიღება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, კლასში მოსწავლეთა რაოდენობაზეც. თუ კლასში ბევრი ბავშვია, შესაძლოა, ყველა მათგანს მასწავლებელმა საჭირო ყურადღება ვერ დაუთმოს.
რამდენი მოსწავლე უნდა იყოს კლასში?- მათი მაქსიმალური რაოდენობა ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გაწერილი.
საქართველოს საჯარო სკოლებში, კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 25 უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით, გამონაკლისიც დაიშვება. თანხმობა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, კონკრეტულ მოსწავლეზე გაიცემა და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 29-ს.
რაც შეეხება პარალელურ კლასებს, მათი არსებობა იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15. გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით, დაიშვება სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც საჯარო სკოლა მდებარეობს.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასევე ვკითხულობთ, რომ მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით, იმ პირებისათვის, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და სურთ, რომ სწავლა საქართველოს სკოლებში გააგრძელონ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2014-2015 სასწავლო წლამდე, საჯარო სკოლაში ჩარიცხულთათვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 30-ით განისაზღვრება.
„მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა გაიცემა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსწავლეზე და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს.პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.