„ეძებენ ტყუპებს, ძმას და მათ მამას...“ - ბაღდადში დაკარგული მოსწავლეების პედაგოგი დეტალებზე საუბრობს
07-02-2024

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში 5 ადამიანს ეძებენ, მათ შორის 3 მოსწავლეა, რომლებიც სოფელ ნერგეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ბაღდათში მიწის ჩამოშლილმა მასამ 4 სახლი მოიყოლა 

აღნიშნული ტრაგედიის შესახებ დეტალების გასაგებად, სკოლის პედაგოგს - ხათუნა ხიზანეიშვილს დავუკავშირდით.

„ძალიან დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. ჩემი მოსწავლეები იყვნენ მე-9 კლასელი ტყუპები - ანანო და ქეთი რობაქიძეები და მათი ძმა, მეთერთმეტეკლასელი დათო რობაქიძე. ისეთი კარგი მოსწავლეები იყვნენ, „ეტალონშიც“ იღებდნენ მონაწილეობას, ძალიან განვიცდით. შეიძლება ითქვას, რომ შოვის ტრაგედია განმეორდა ბაღდათში...

ღამით მოხდა სტიქია, მთა მოწყდა და ამ ბავშვების სახლის უკან ჩამოიშალა, გადაასწორა ყველაფერი, სახლიც აღარაა, ნასახლარიც კი აღარ ჩანს. მაშველები ეძებენ მათ. ეს არაჩვეულებრივი ბავშვები არც ცოცხლები ჩანან, არც მკვდრები, მათი მამაც არ ჩანს არსად.

ამჟამად ყველაფერი ჩაწყნარდა, ამინდიც გამოვიდა, მაგრამ ღამის 2-ის ნახევრის შემდეგ საერთოდ არ გვიძინია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს, დრონებით, ყველა საშუალებით ცდილობენ მათ პოვნას, მაგრამ უშედეგოდ. ამ ბავშვებს იმხელა სახლი ჰქონდათ, სად გაქრა არ ვიცი, სახურავი მეორე ნაპირზეა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, შეძრული ვართ ამ ამბით ყველანი. არც შუქია, არც გაზი, მოძრაობა შეწყვეტილია ჩვენთან. სასწავლო პროცესიც არ მიმდინარეობს, სკოლა არ დაზიანებულა, მაგრამ გადაადგილება შეუძლებელია. გზა ჩაკეტილია. მთელი ღამე მუშაობდნენ. სახლები დამეწყრილია, აღარ იცოხვრება სამ ოჯახში“, - უამბო etaloni.ge-ს სკოლის პედაგოგმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203